მთავარიკულტურა„გიორგობისთვე“ და სხვა…

„გიორგობისთვე“ და სხვა…

ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნულ არქივში

სამი დღე და საოცარი ფილმების სანახავად მოსული მაყურებელი – ოთარ იოსელიანის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნად, ეროვნული არქივის კინოთეატრში, მისი 5 ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“ ოთარ იოსელიანმა 54 წლის წინ გადაიღო, ლეგენდარული ფილმი, რომელიც თაობების საფიქრალად და ნიშნულად იქცა.

დღეს ძალიან ბევრს სურს ეკრანზე იხილოს „იყო შაშვი მგალობელი“ თუ ოთარ იოსელიანის სხვა, საქართველოსა თუ საფრანგეთში გადაღებული ფილმები. ეს შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ კინოს მოყვარულებს. საქართველოს ეროვნულ არქივში კინორეჟისორის რეტროსპექტიული ჩვენება გაიმართა.

„შემთხვევით გავიგე… აფიშა ვნახე და პირველი რაც ვიგრძენი, ეს იყო ჩემი სიხარული, რაც ახალგაზრდობის წლებიდან ოთარ იოსელიანის ფილმებთან მაკავშირებს, ყველა ფილმი საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდისთვის იყო გარკვეული ფანჯარა, ან რაღაც ახალი თვალსაზრისიც, ახალი სამყაროს გაჭრის, ახალი ხედვის ფანჯარა, პირველად რა ემოციაც ვიგრძენი ეს იყო ჩემი ახალგაზრდობის დიდი სიხარული და წამოვიყვანე ჩემი შვილი, რომელიც იმ ასაკშია, როცა მე შევიცანი და გავიგე ოთარ იოსელიანის არსი და აზრი, მინდა, რომ გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილება და მინდა გავიგო თუ დაემთხვევა მისი და ჩემი მოსაზრება ერთმანეთს“, – ამბობს მაყურებელი ლიკა ვეკუა.

„ბ-ნი ოთარის გარდაცვალების შემდეგ გავიგე ინფორმაცია მასზე, მის ფილმებზე, რამდენიმე კადრი და ფრაგმენტი, რომ ვნახე ამის შემდეგ დამაინტერესა და ვიფიქრე, რომ უბრალოდ სირცხვილი იქნებოდა, რომ ნანახი არ მქონოდა მისი რომელიმე ფილმი და ახლა საშუალება მომეცა, რომ მოვსულიყავი და მენახა ფილმი“, – გვიყვება მაყურებელი ვეფხვია მანია.

„ჩემთვის ბატონი ოთარის ფილმები ასოცირდება კლასიკასთან, მე პატარა ვიყავი, ბატონი ოთარის შემოქმედება რომ დაიწყო, მაგრამ ოჯახშიც, ეს იყო რაღაც რიტუალი, ოთარ იოსელიანის ფილმების ნახვა იყო დიდი სიამოვნება და როგორც მახსოვს, ოჯახი ემზადებოდა, რომ ბ-ნი ოთარის ფილმი უნდა ენახა“,- ამბობს მარიამ ხომერიკი, მაყურებელი.

ოთარ იოსელიანმა საქართველოს ეროვნულ არქივს 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლები თავად ჩამოუტანა და გადასცა. ეს ფილმები 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთშია გადაღებული.

ეს ამბავი დიდი რეჟისორის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე მოხდა…

„ეს არის საფრანგეთში რესტავრირებული, აღდგენილი ციფრული ვერსიები, ოთარ იოსელიანის მთელი შემოქმედება და მან გადმოგვცა ეროვნულ არქივს საჩუქრად, იმ უფლებებით თან, რომ საზოგადოებას ჩვენ კინოთეატრში მივცეთ საშუალება, რომ გაეცნოს მის შემოქმედებას და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ სელექცია 5 ფილმის ამ სამ დღეზე ეს არის 3 ფილმი მისი ქართული პერიოდის,ეს არის „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“ და „გიორგობისთვე“ და ასევე ფრანგული პერიოდი მოგეხსენებათ ოთარ იოსელიანი, 80-იანი წლებიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, „მთვარის ფავორიტები“ და „და იქმნა ნათელი“. ქართული პერიოდის ფილმები, როცა იგი საქართველოში იღებდა 60-იდან 70 წლის ჩათვლით, უფრო ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ ფრანგული პერიოდი ნაკლებად და ზუსტად ამიტომ ავიღეთ ეს ორი ფილმი, რადგან ფართო საზოგადოებამ არ იცის კარგად ეს ფილმები და ერთგვარი პლატფორმაა, საშუალებაა რომ მისი ეს ფრანგული პერიოდიც ნახონ ქართველებმა და გაეცნონ მის შემოქმედებას“ – ამბობს გიორგი კაკაბაძე, ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივის დირექტორი.

სამი დღე და საოცარი ფილმების სანახავად მოსული მაყურებელი… ამჯერად კინოდარბაზში ოთარ იოსელიანის 5 ფილმი იყო წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი ჩვენებები პერიოდულად ისევ გაიმართება და ქართველ მაყურებელს შეეძლება დიდი რეჟისორის მიერ არქივისთვის ნაჩუქარი სხვა ფილმებიც იხილოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend