მთავარიაზიაირანიირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გააქტიურდა ირანი და “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი”. საინტერესოა, რა გავლენა აქვს ირანსა და ირანის საგარეო პოლიტიკაზე გუშაგთა კორპუსს, რომელიც ერთდროულად სპეცსამსახურიცაა და ელიტური ქვედანაყოფიც.

ახლო აღმოსავლეთში მსგავსი დაძაბული და, ასე ვთქვათ, ფეთქებადსაშიში ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა. რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ირანი. ირანში კი უდიდესი გავლენის მქონე სახელმწიფო ორგანიზაცია “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია”.

საინტერესოა, რა ადგილი უკავია რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ირანში.

იერარქიის სათავეში ირანის უმაღლესი მმართველი – რაჰბარია. მას აქვს გავლენა ყველაფერზე – სასამართლოზე, კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოზე, „ისლამური რევოლუციის კორპუსსა“ და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საბჭოზე. ეს ის სტრუქტურებია, რომელთა წევრებსაც სხვადასხვა ორგანო თუ პირი პირდაპირ ნიშნავს პოზიციებზე. ამ სტრუქტურებში არ არსებობს არჩევითი თანამდებობა. მმართველობის სტრუქტურაშია არჩევითი პოზიციებიც – ექსპერტთა საბჭო, საკანონმდებლო ორგანო და პრეზიდენტი.

საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი ამ სახელმწიფოებრივ ერთეულებს. კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს გავლენა აქვს პრეზიდენტზე, საკანონმდებლო ორგანოზე – მეჯლისზე, პრეზიდენტს კი – უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოზე, ასევე მთავრობაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტია გაერთიანებული. მაგრამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ წარმოადგენს იმ სახელმწიფოებრივ სტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მხოლოდ უმაღლეს ლიდერს ექვემდებარება. მასზე არავის აქვს გავლენა – მხოლოდ რაჰბარს, აიათოლას.

ენციკლოპედიური გამოცემა „ბრიტანიკას“ მონაცემებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჩამოყალიბება თავისთავად ირანის 1978-1979 წლების რევოლუციასთან და მაშინდელ აიათოლას – ჰომეინის სახელთანაა დაკავშირებული. იგი იყო პირველი ლიდერი, რომელიც ირანს შაჰის მოჰამედ ფეჰლევის გაქცევის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, აიათოლა ჰომეინის მიზანი იყო, გაეერთიანებინა ის პარამილიტარული ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობდნენ ისლამურ რევოლუციაში. მან მიზანს მიაღწია და თავად დაიქვემდებარა ისინი. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ გადაიქცა თეოკრატიული რეჟიმის მთავარ საყრდენად. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისლამურმა რევოლუციამ ირანის ხასიათი შეცვალა. ბევრი რამ, რაც შაჰის დროს ნებადართული იყო, რევოლუციის შემდეგ აიკრძალა. ამ ყველაფრის კონტროლი კი გუშაგთა კორპუსმა დაიწყო.

“ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” Copyright AP Photo/Ebrahim Noroozi

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ერთდროულად სპეცსამსახურიცაა და ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფიც. ეს ორგანიზაცია დღეს ირანის ისლამური სასულიერო მმართველობის მთავარი დასაყრდენია.

ამერიკელი პროფესორის აფშონ ოსტოვარის კვლევის მიხედვით, თუ დაარსებისას ამ კორპუსში 10 ათასი ადამიანი ირიცხებოდა, 1986 წლისთვის მათი რიცხვი 300 ათასს გასცდა. არმიის მსგავსად, ამ კორპუსს თითქმის ყველანაირი შეიარაღება აქვს, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ირანის საგარეო ოპერაციებში მისი როლია. კორპუსს საზღვარგარეთ ყველაზე ძლიერი პოზიციები ლიბანსა და სუდანში აქვს. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს და ეხმარება „ჰეზბოლასა“ და „ჰამასს“. სწორედ ასეთი დესტრუქციული როლის გამო, ექსპერტთა შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშაგთა კორპუსს ტერორიზმის სტატუსი მიანიჭა.

გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაშია სპეციალური დანიშნულების რაზმი “ალ-ქუდსი”, იგი შედგება დაახლოებით 15 000 მებრძოლისგან და სწორედ ის ეწევა ასიმეტრიულ სამხედრო მოქმედებებს ირანის საზღვრებს გარეთ. „ალ-ქუდსს“ არაერთი ტერორისტული აქტი უკავშირდება. სწორედ ამ მაღალი საფრთხის გამო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო სამიზნეები არაერთხელ დაიბომბა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ცნობილია, როგორ შეეწირა ამერიკულ იერიშს „ალ-ქუდსის“ გენერალი ყასემ სულეიმანი. ხასიათის, გავლენისა და სამხედრო ძალის გათვალისწინებით რეგიონში ამ ძალის არსებობა ანგარიშგასაწევია.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend