მთავარიგადაცემებიოკეანეევროპა მწვანე ტალღაზე

ევროპა მწვანე ტალღაზე

რამდენად გადაჭრის ოკეანე ელექტროენერგიის ეკოლოგიური გზით მიღების პრობლემას?

განახლებადი ენერგოსექტორის წარმომადგენლები „ევრონიუსს“ უყვებიან, თუ როგორ შეიძლება ევროპაში უკეთ გამოიყენონ სანაპირო წყლების რესურსები ისე, რომ ელექტროენერგია მდგრადი და სტაბილური წყაროებიდან მიიღონ.

სანამ ევროპა მდგრადი ელექტროენერგიის წარმოების გზებს ეძებს, ოკეანე  სუფთა ელექტროენერგიის მიღების  თვალუწვდენელ, ვრცელ და ჯერჯერობით აუთვისებელ რესურსად რჩება. რამდენად შესაძლებელია, რომ ოკეანე, რომელიც ჩვენი პლანეტის 70 პროცენტს ფარავს, კაცობრიობის ენერგეტიკული მომავლის გასაღები აღმოჩნდეს?

კუნძულ გრანდ-კანარის  სანაპიროსგან მოშორებით ოკეანის ფსკერზე  გამავალი ეს მაღალი წნევაგამძლე მილსადენი იმ ახალი ტექნოლოგიის ნაწილია, რომელიც ცდილობს, ოკეანის ტალღების ძალა ელექტროენერგიად გარდაქმნას. მაიკლ ჰენრიქსენი ხელმძღვანელობს დანიურ კომპანია  Wavepiston-ს,  რომელმაც ეს საცდელი სისტემა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნა. ეს სისტემა ოკეანეში საცდელ რეჟიმში მთელი წლით არის ჩაშვებული.

ტალღები წყალში განთავსებულ ფირფიტებს ბუნებრივად არხევს, რის შედეგადაც ოკეანის წყალი მილსადენში გაიწოვება, სადაც წნევა წყალს ტურბინისკენ მიმართავს, რომელიც, თავის მხრივ, ნაკადს სუფთა ელექტროენერგიად გარდაქმნის.

მაიკლ ჰენრიქსენი, Wavepiston-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი:

“ტალღებს უზარმაზარი ენერგია აქვთ, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდით რაღაც ისეთი შეგვექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა სხვა განახლებად რესურსებს. ზღვაში საქმიანობა რთულია. ამიტომაც ხმელეთზე არსებული განახლებადი ენერგორესურსებით ვკმაყოფილდებოდით. მაგრამ ახლა ზღვაში გავდივართ. ზღვაში მოტივტივე ელექტროსადგურებიდან ოფშორული ეპოქის ქარი უბერავს და თან ტალღების ენერგია მოაქვს“.

ეს ტექნოლოგია მარტივი, მაგრამ ეფექტიანია, რის გამოც ოფშორული დანადგარებისთვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ხარჯები იქვითება. ხმელეთზე ამოტუმბული ზღვის წყალი ორ მიზანს ემსახურება: წარმოქმნის სუფთა ელექტროენერგიას და მტკნარ წყლად გარდაიქმნება, რაც დიდი შეღავათია სანაპირო ზოლის დასახლებისთვის.

“გვინდა, რომ პირველი დანადგარები შედარებით ახლოს განვათავსოთ ხმელეთთან, რადგან ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ხმელეთზე შევძლებთ ენერგიის მიღებას. ეს სისტემა, როგორც ხედავთ, ძირითადად წყალქვეშ არის განთავსებული, ამიტომ არც ხედს აფუჭებს, ძალიან უწყინარი სისტემაა,“ – განმარტავს მაიკლ ჰენრიქსენი.

ენერგიის გარდაქმნისა და წყლის გამტკნარების კომპონენტები მოწმდება ოფშორულ კვლევით პლატფორმაზე, რომელიც კანარის კუნძულების ოკეანის პლატფორმის PLOCAN-ის ნაწილია. ამ ტიპის საცდელი სადგურების წყალობით ევროპა ოფშორული განახლებადი ენერგიების სექტორის წინა ხაზზე დგას. აქ Wavepiston მსგავსი  ინოვაციური კომპანიები საცდელ სისტემებს თვით ოკეანეში უტარებენ ტესტს. აქ მათ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ: ელექტროგადამცემ ქსელთან კავშირი, ყველა ტიპის იარაღი და სენსორი, რათა საცდელ სისტემაზე თვალი მუდმივად  ეჭიროთ.

 

ტანია მონტოტო მარტინესი, PLOCAN-ის პროექტის ხელმძღვანელი:

“ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს, მათ შორის  არა მხოლოდ ისეთი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც ტალღების მოთვინიერებას ცდილობენ,  იქნება ეს ნაკადის თუ სხვა ტიპის ელექტროენერგიის გენერაცია, არამედ კვლევითი პროექტებიც. მაგალითად, კოროზიასთან დაკავშირებით, რადგანაც ოკეანეში ვართ გასული, სწავლობენ, რამდენად აზიანებს კოროზია ქარის ტურბინებს, ან რა ზიანი შეიძლება მიაყენოს შტორმმა –  რომელიც აქ ხშირად იცის  – დანადგარების ეფექტიანობას“.

ოკეანე ყოველთვის მშვიდი არ არის. ამიტომ ოფშორულმა ელექტროსადგურებმა ძალიან ძლიერ შტორმს უნდა გაუძლოს. Wavepiston პოლიპროპილენის მეტალის ფირფიტებს იყენებს – ეს მასალა ძალიან დრეკადია და დიდ დაწოლას უძლებს.

“როდესაც ძალიან ძლიერი ტალღები ურტყამენ, მაგალითად, შტორმის დროს, ეს დანადგარი იღუნება და წყალი უბრალოდ ზემოდან გადაუვლის. ეს ერთგვარი პასიური სისტემაა, რომელსაც შეუძლია თვითონ მიხედოს საკუთარ თავს და  გადაიზნიქოს, როცა საჭიროა, რომ არ გატყდეს,“- ამბობს Wavepiston-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.

ტალღების ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა ძალიან კარგი  საშუალებაა სუფთა ენერგიის  მისაღებად. თუმცა ტალღის გარდა ოკეანის ენერგიის მიღების სხვა გზაც არსებობს.

ფრანგული მეთოდი

საფრანგეთის ალპებში გრენობლთან  ახლოს კომპანია HydroQuest-ი ისეთ ტურბინებზე მუშაობს, რომლებსაც მოქცევის ნაკადი აბრუნებს და ელექტროენერგიას ასე აწარმოებს. ეს სისტემა ყველაზე კარგად ვიწრო ადგილებში მუშაობს, სადაც ძლიერი დინება იცის, როგორიცაა, მაგალითად, ოლდერნის სრუტე ნორმანდიაში.

HydroQuest მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მოქცევა-მიქცევაზე დამოკიდებული ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს – რაც სუფთა ენერგიისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება, რადგან ის სტაბილურიც იქნება და გათვლადიც.

„ჩვენ დიდი სიზუსტით შეგვიძლია მთვარის მოძრაობისა და გრავიტაციის ეფექტის მიხედვით მოქცევა-მიქცევის განსაზღვრა,“ – ამბობს თომას ჟაკიე, კომპანია HydroQuest-ის პრეზიდენტი. „ამიტომ ზუსტად ვიცით, რა ხდება, რადგან ზღვის ფსკერსაც კარგად ვიცნობთ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ათეული წლით ადრე გამოვთვალოთ ტალღების სიჩქარე კონკრეტულ ადგილზე და, შესაბამისად, განვსაზღვროთ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობაც“.

HydroQuest-მა უკვე წარადგინა თავისი ტექნოლოგია ახალი პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ვეფხვი“ (Tiger)  ეწოდება. ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, მიზნად ისახავს მოქცევის ნაკადის ენერგიის ათვისებას ლა-მანშის სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათი ბოლო მოდელის ტურბინა კიდევ უფრო კომპაქტური, მსუბუქი და ეკომეგობრულია.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ტექნოლოგია გამძლეც არის და წარმადობაც მაღალი აქვს, თან დიდი ღელვის პირობებშიც კარგად მუშაობს, როგორიც, მაგალითად, ოკეანემ იცის. საპილოტე ელექტროსადგური 17.5 მეგავატის სიმძლავრისაა, რომელიც ოლდერნის სრუტეში შვიდი ერთ ხაზზე ჩამწკრივებული ტურბინისგან შედგება. იგი წელიწადში 41 გიგავატ-საათ ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც საკმარისია 20 ათასი ოჯახის მოსამარაგებლად“ – განმარტავს ჟაკიე.

ოკეანის ელექტროენერგიის წარმოება პორტუგალიაში

ატლანტის ოკეანისა და ჩრდილოეთის ზღვის ევროპული ნაწილის სანაპირო ზოლში  მოდგაფუნე მძლავრი ტალღები ხელს უწყობს ინოვატორებს, რომ ევროპა უფრო სუფთა და ადგილობრივი წარმოშობის ელექტროენერგიის წყაროებზე გადაიყვანოს.

ცვლილება უკვე აშკარაა ზოგიერთ ინდუსტრიულ პორტში, რომლებიც სულ უფრო დიდ ადგილს უთმობენ ზღვის ენერგიის პროექტებს. ამ სფეროში უკვე 120-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს, რომლებიც გაერთიანებული არიან ამ ინდუსტრიის პროფესიონალთა ქსელში – Ocean Energy Europe.

“კარგი ამბავი ის არის, რომ ძალიან ბევრი ზღვა გვაქვს – ევროპას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაპირო ზოლი აქვს მსოფლიოში. ჩვენი გათვლებით, ტალღებსა და მოქცევას, ორივეს ერთად, არსებული ელექტროენერგიის მოხმარების 10 პროცენტის წარმოება შეუძლია, რაც შეიძლება მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამდენს აწარმოებს დღეს ჩვენი ჰიდროგენერაცია – ევროპის მდინარეებზე მდებარე დიდი კაშხლები,“ – ამბობს რემი გრიუე,  Ocean Energy Europe-ის ხელმძღვანელი.

რამდენიმე მოქცევითი ელექტროსადგური უკვე მუშაობს და პირველი კომერციულ მასშტაბზე გათვლილი ელექტროენერგიის საკონვერტაციო დანადგარიც მზადაა. ასეთია, მაგალითად, კომპანია  CorPower Ocean ეს დანადგარი, რომელმაც სულ ახლახან პორტუგალიაში საცდელ ნაკვეთში მძლავრ შტორმს გაუძლო და ფასიც მისაღები აქვს.

“აქამდე არცერთმა აპარატმა არ გაამართლა, რადგან ისეთი მექანიზმი იყო საჭირო, რომელიც ყველაზე რთულ პირობებს გაუძლებდა, ძველი დანადგარები კი მეტისმეტად ძვირი და მძიმე იყო“, – განმარტავს მიგელ სილვა,  CorPower Ocean-ის მმართველი დირექტორი.

ტივტივა ტალღებზე ისე ირწევა, რომ თითოეული ტალღისგან რაც შეიძლება მეტი ენერგია მიიღოს, მასზე განთავსებული დანადგარი კი ძლიერი ღელვის დროსაც არ უნდა დაზიანდეს.

“ამ კონცეფციამ საშუალება მოგვცა, მოგვეგვარებინა ტალღურ ენერგიასთან დაკავშირებული  სხვადასხვა ფუნდამენტური საკითხი, რომ აპარატი ყოფილიყო ერთდროულად გამძლეც, შედარებით იაფიც და მაღალპროდუქტიულიც,“ – ამბობს მიგელ სილვა.

ბოჭკოვანი მინის კომპოზიტებით აწყობილი ტივტივა შესაძლებელია პორტშივე აწარმოო და შემდეგ უბრალო ბუქსირიანი კატარღით გაიტანო ღია ზღვაში. მათი განთავსება შესაძლებელია უკვე არსებული ოფშორული ქარის ელექტროსადგურების ახლოსაც ისე, რომ იქ უკვე ჩაწყობილ წყალქვეშა სადენებს მიუერთდეს.

რაც უფრო იზრდება ტალღური და მოქცევითი ელექტროსადგურის პროექტების რიცხვი, ახლოსაა ის დროც, როცა ისინი კომერციულ საფეხურზე გადავლენ. ეს ყველაფერი კი მომავალ წლებში ევროპის სანაპირო ზოლის ეკონომიკაში დიდ გარდატეხას მოახდენს.

“დადგება დრო, როდესაც სანაპირო ზოლში ელექტროენერგიას აწარმოებენ და გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი, რადგან მთელი ეს ტექნოლოგიები  სულ ადვილად შეიძლება რომ ადგილზევე აწარმოო. ამიტომ, დიახ, გვექნება ქარის, მზის, ტალღური თუ მოქცევის ელექტროენერგიის ნაზავი, რაც საბოლოოდ შექმნის  ნახშირბადისაგან თავისუფალ ენერგოსისტემას, რომელიც იქნება იაფიც და ყველასათვის ხელმისაწვდომიც,“ – ამბობს რემი გრიუე, Ocean Energy Europe-ის ხელმძღვანელი.

ევროკავშირს დიდი გეგმები აქვს ტალღისა და მოქცევის ენერგიის განვითარების კუთხით და მიზნად ისახავს, რომ ამ ენერგიის მოცულობა 2030 წლისთვის ინდუსტრიულ მასშტაბამდე გაზარდოს. უზარმაზარი ოკეანის ულევი განახლებადი ენერგია ევროპას ელექტრომომარაგების ახალ ტალღაზე აიყვანს.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend