ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი გრძელდება. უკრაინის მიერ უშედეგო კონტრშეტევის გამო კიევის ჯარები ძირითადად თავდაცვით სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ. ამავე დროს, კიევში იზრდება პოლიტიკური დაპირისპირებაც გენერალური შტაბის მეთაურსა და მთავარსარდალს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გადაცემის შესახებ, უკრაინულ ფრონტის ხაზებზე ტყვია-წამლის ნაკლებობაა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ამომრჩეველთან შეხვედრისას უკრაინული მიწის უფრო მეტად დაპყრობაზე საუბრობს.
აზოვის ბატალიონის საარტილერიო შენაერთი აღმოსავლეთში მდებარე ფრონტის ხაზებზე უკრაინული თავდაცვითი ზღუდეების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ლიმანის სიახლოვეს რუსული არმია წინსვლას ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ტყვია-წამლის ნაკლებობის ფონზე დიდი სირთულით ახერხებენ მტრის შეკავებას. რუსი ჯარისკაცები განუწყვეტლივ უტევენ კრემინას მიმართულებითაც. აზოვის ბატალიონის საარტილერიო შენაერთს საჭირო სამხედრო რესურსის მხოლოდ 10 პროცენტი აქვს.
“ფრონტის ხაზზე მძიმე მდგომარეობაა, მტერი ყველა მიმართულებით უტევს. მტრის მოგერიებას დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ესაჭიროება. ვცდილობთ, საპასუხო იერიშებიც მივიტანოთ. სამწუხაროდ, მტერს როგორც შეიარაღების, ასევე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით დიდი უპირატესობა აქვს და წინ მოიწევს”, – ამბობს აზოვის ბატალიონის ჯარისკაცი, რომელიც მედიასთან საკუთარ სახელს და გვარს არ აკონკრეტებს.
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, რუსულმა არმიამ წინ წაიწია ბახმუტის, ავდიივკისა და ქალაქ დონეცკის მიდამოებში.
ბრძოლის ველზე დაუნდობელი შეტაკებების ფონზე კიევმა და მოსკოვმა ტყვეთა კიდევ ერთი ნაკადი გაცვალეს. ორ მხარეს შორის ტყვეთა გაცვლის 50-ე რაუნდისას მოსკოვმა 195 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, კიევმა – 207.
ვლადიმერ პუტინი ამომრჩეველს ჰპირდება უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობას, რის შემდეგაც უკრაინა დასავლური შეიარაღებით რუსული ქალაქების დაბომბვას ვეღარ შეძლებს.
Key Takeaways: 1/8 🧵
Russian President Vladimir Putin doubled down on his maximalist and purposefully vague territorial objectives in Ukraine on January 31. https://t.co/fdOztxEa0M pic.twitter.com/gBqqRrjcRd
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) February 1, 2024
“ფრონტის ხაზი ჩვენი ტერიტორიიდან იმდენად შორს უნდა გადიოდეს, რომ დასავლური შეიარაღებით უკრაინის ხელისუფლებამ ჩვენი ქალაქების დაბომბვა ვეღარ შეძლოს. რუსეთი აიძულეს, თავი დაეცვა. ისტორიული რუსეთი აღდგა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი საფუძველი მყარია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში კი უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები დემოკრატიული დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას ითხოვდნენ.