მთავარისაქართველო“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილს ყრილობაზე ვრცელი სიტყვა არ ჰქონია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი განმარტა და ახალს ვეღარაფერს იტყვის.

„ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ყოფილი მეთაური დღეიდან პარტიას უხელმძღვანელებს. ირაკლი ღარიბაშვილს ყრილობაზე ვრცელი სიტყვა არ ჰქონია. მან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მსოფლიოში ახლა რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. შემდეგ კი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი განმარტა და ახალს ვეღარაფერს იტყვის.

„თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო, მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. ერთი – გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე და შემდეგ მომხდარიყო [თანამდებობიდან წასვლა]. მე პირველი არჩევანი ვარჩიე, ანუ ახლავე გადადგომა. რა თქმა უნდა, საჭიროა, მეტი დრო დავუთმო მე, ერთის მხრივ, პარტიას და ირაკლი კობახიძემ მთავრობასა და მთავრობის მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად დასახელდა პრემიერმინისტრობის კანდიდატურა და ის ირაკლი კობახიძე იქნება. მან დღეს მედიას უთხრა, რომ ცვლილებებს არ გეგმავს და მთავრობის ყველა წევრს თანამდებობაზე დარჩენა შესთავაზა. როგორც დღეს გაირკვა, მხოლოდ ერთი მინისტრი ტოვებს პოსტს და ის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება. დღეს ითქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და სხვა სფეროში გადაინაცვლებს.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარვადგენთ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროცესები უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი, დასკვნასთან ერთად, პარლამენტის ბიუროს უგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ მედიას უთხრა, რომ ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის შემადგენლობითა და სამთავრობო პროგრამით ხვალ, 2 თებერვალს, მიმართავს.

„ზოგადად პროცედურას რაც შეეხება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა უკვე, რომ ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე, ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან, იქნება უკვე მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმა არის, რომ კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე, უკვე განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყრილობას წინ პოლიტსაბჭოს სხდომა უძღოდა, სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. დღევანდელ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სტუმრებს შორის „ქართული ოცნების“ წევრებიც იმყოფებოდნენ. პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნებისთვის სამზადისი.

„მინდა ღარიბაშვილს წარმატებები ვუსურვო. პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების როლი უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერითა და თანადგომით, რაც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, რეალურად შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე კობახიძე წარდგენილია პრემიერის რანგში, მინდა მას გუნდთან ერთად წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები და გამოწვევები რაც იყო, არსად წასულა, დღესაც არსებობს საფრთხეები, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს ორჯერ იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე პირველად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა პოსტი 2 წელიწადში, 2015 წელს მოულოდნელად დატოვა. ამ თანამდებობაზე ხელახლა ის 2021 წელს დაინიშნა, 2024 წლის 29 იანვარს კი გადადგომის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის ამ დრომდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ეს თანამდებობა 2019 წლის 21 ივნისს დატოვა, საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, გამოსვლის გამო საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend