ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დემოკრატმა პრეზიდენტმა გააკეთა ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ეროვნული ლოცვის საუზმეზე, რომელიც ტრადიციულად თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება, 1953 წლიდან.
ბაიდენმა თქვა, რომ „ჩვენი დროის გამოწვევა“ არის ბრძოლა „სიძულვილის ყველა ფორმის წინააღმდეგ“ როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა ისლამოფობიისა და ანტისემიტიზმის მზარდ საფრთხეზე. მან სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო ახლო აღმოსავლეთში გარდაცვლილი სამი ამერიკელი ჯარისკაცის ხსოვნას. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეუღლესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას გარდაცვლილთა ცხედრების მშობლიურ მიწაზე დახვედრის ცერემონიალში და ასევე აღნიშნა, რომ ის „აქტიურად მუშაობს“, რათა წერტილი დაუსვას „ტრავმას, სიკვდილსა და ნგრევას ისრაელსა და ღაზაში”.
„მე ვხედავ დიდ წუხილს, სიკვდილსა და ნგრევას ისრაელსა და ღაზის სექტორში. მე მესმის იმ დიდი ტკივილის, რომელიც ამდენი უდანაშაულო ბავშვის, ქალისა და კაცის სიკვდილი მოაქვს, იმ ტანჯვის, რომელსაც გატაცებულნი და მათი ოჯახის წევრები განიცდიან. უნდა ვეცადოთ და ზიზღის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და მე ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. აუცილებელია ღაზის სექტორსა და ისრაელში მშვიდობის აღდგენა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.