აგროსფეროს წარმომადგენლები აპროტესტებენ გარემოსდაცვით რეგულაციებს, გადასახადებსა და ანაზღაურებას. პროტესტის ნიშნად ფერმერებმა გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთები ჩახერგეს.
ბოლო ერთი კვირაა, ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერთა პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო. მათ სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ. მაგალითად, მწვავე დემონსტრაციების ფონზე საფრანგეთში შემოსავლების შემცირებასა და სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შესაძლო გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. უკვე რამდენიმე დღეა დაახლოებით 30 ფერმერისგან შემდგარი ჯგუფი სამხრეთ საფრანგეთში, ექს-ან-პროვანსთან, გზატკეცილს ბლოკავს.
ევროკავშირის საგანგებო სამიტი ბრიუსელში კი ფერმერთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მათ ქალაქის ქუჩები ასობით ტრაქტორითა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩახერგეს და ევროპარლამენტის შენობის წინ ცეცხლი დაანთეს.
ევროკომისიამ ფერმერების იაფი ექსპორტისგან დასაცავად წარმოადგინა გეგმა, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროკომისიას სურს, ფერმერებს ნება დართოს იმ მიწების გამოყენების, რომელთა მოხმარებაც ამჟამად გარემოსდაცვითი მიზეზებითაა აკრძალული.
„ჩვენ უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს ევროპელ ფერმერებთან. რა თქმა უნდა, ვერასდროს გავბედავ მათი სახელით და პროტესტთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილების შესახებ ვისაუბრო, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვცდილობთ მათ წუხილს მოვუსმინოთ“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
“Farmers can count on European support.
We are now working closely with the EU countries to address the immediate challenges.
And we have to defend legitimate interests of farmers ensuring a level playing field in terms of standards when we have trade agreements.”
— President… pic.twitter.com/sRrvbupMiD
— European Commission (@EU_Commission) February 1, 2024
ფერმერებმა ვაჭრობის შეფერხების მიზნით ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთები ჩახერგეს. გასული წლის დეკემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს გერმანიაშიც. გერმანელი ფერმერები აპროტესტებენ მთავრობის გეგმას, რომელიც სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს.