მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNION50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინას

50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინას

ევროკავშირის საბჭოს სპეციალურ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. გადაწყვეტილება ერთსულოვნად, 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე, მიიღეს.

დამტკიცებული პაკეტი ითვალისწინებს 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინის საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებით და 17 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტებით.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას უწევს. თუმცა აქამდე ეს ხდებოდა მთავრობათაშორისი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ყოველწლიურად საჭიროებს ეროვნულ დამტკიცებას და უფრო ძვირადღირებული და რთული პროცესია ვიდრე ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ამ პაკეტის დამტკიცება ევროპელმა ლიდერებმა წინა სამიტზეც სცადეს, თუმცა მათ ვერ შეძლეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დაყოლიება. 1-ელი თებერვლის სამიტზეც ბოლო წუთებამდე არ იყო ცნობილი, წავიდოდა თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დათმობაზე. სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ევროპელი ლიდერები მას შანტაჟში ადანაშაულებდნენ.

,,ბრიუსელი ორბანით დაიღალა. მე არ მესმის და ვერ მივიღებ მის ეგოისტურ პოლიტიკურ თამაშებს”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

თუმცა ევროპელი ლიდერების დიდი ნაწილი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ ისინი შეძლებდნენ ორბანის დაყოლიებას.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ საათში გაავრცელა ინფორმაცია პლატფორმა X-ზე, რომ საბჭომ მიაღწია შეთანხმებას. მან თქვა, რომ ამ შეთანხმებით უკრაინის მტკიცე, გრძელვადიანი დაფინანსება დამტკიცდა და ამით ჩანს, რომ ევროკავშირი იღებს პასუხისმგებლობას, იყოს უკრაინის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი, რადგან მათ იციან, თუ რა დევს სასწორზე.

,,პირველ რიგში მივესალმები უკრაინისთვის გრძელვადიანი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას. უკრაინა ჩვენი პრიორიტეტია და დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ეს ადასტურებს ჩვენს ლეგიტიმურობასა და სანდოობას. სწორედ ამას ელოდნენ ჩვენგან, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაცაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ვიქნებით უკრაინის გვერდით რამდენი ხანიც საჭიროა. ეს მხოლოდ მორალური გადაწყვეტილება არ ყოფილა, არამედ სტრატეგიულიც. სხვა არჩევანი არც გვქონია“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს სამიტზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

უკრაინისთვის ეს თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ექსპერტების აზრით, ამ დახმარების პაკეტის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ომის გაგრძელებას და საკუთარი ეკონომიკის შენარჩუნებას.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იმის ფონზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინისადმი დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამაზე გავლენა მოახდინა, ბუნებრივია, ომმა ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ. ამ ყველაფრის ფონზე ასე თუ ისე გაიფანტა ყურადღება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომის გარშემო.

სამიტზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გამოხატა საკუთარი მადლიერება.

„ძალიან მადლიერი ვარ თქვენი გადაწყვეტილების, განაგრძოთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ უკრაინა არ დაეცემა, არ დაეცემა ევროპა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საბჭომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე, მიიღო. ეს თქვენი ერთობის სიძლიერეზე მეტყველებს. ევროკავშირის საბჭოს წინა სამიტზე, ევროკავშირის საიმედოობის გარშემო კითხვები გაჩნდა, თუმცა ჩვენ ყველამ ერთად აღვადგინეთ ნდობა. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ მის სიტყვას წონა აქვს და რომ იგი მთელი ევროპის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იმ შემთხვევაში თუ ევროპელი ლიდერები ვერ შეძლებდნენ ვიქტორ ორბანისგან თანხმობის მიღებას, მათ მოუწევდათ მხოლოდ 26 წევრი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. ამისთვის კი ახალი ფინანსური გეგმის შემუშავება იქნებოდა საჭირო, რაც დამატებით დროსა და პროცედურებს მოითხოვს.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში დადგებოდა ბლოკის ლეგიტიმურობისა და პოლიტიკური ერთობის სიძლიერის საკითხიც.

სწორედ ბლოკის ერთობის დამსახურებაა, რომ კრემლს დაეკისრა სანქციები და რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ევროკავშირი უკრაინას ფინანსურად ეხმარებოდა.

შესაბამისად, ამ ერთობის დარღვევის შემთხვევაში რისკები საკმაოდ მაღალია, თუმცა დღევანდელ სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა ამ რისკების თავიდან აცილება შეძლეს.

ელენე ცუცქირიძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend