სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე წარუმატებელი ენერგეტიკის სექტორი აღმოჩნდა.
ბოლო პერიოდია სხვადასხვა სამთავრობო ტრიბუნიდან არაერთი განცხადება მოისმინა საზოგადოებამ საქართველოს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდის შესახებ.
2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ თქვა, რომ გასული წლის საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 7%-ს შეადგენს, რაც მისივე განცხადებით, დადებითი მაჩვენებელია.
ეს მონაცემები საქსტატს, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი ორგანიზაციების მიერ შევსებული კითხვარიდან აქვს შეჯამებული.
უწყების ცნობით, მხოლოდ გასული წლის დეკემბერში ეკონომიკური ზრდისთვის წარმატებული დარგების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
ეკონომიკური კლების მხრივ კი შემდეგი სექტორები გამოირჩევა – ენერგეტიკა და უძრავი ქონება.
“გასული ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში განსაკუთრებით, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წლის პირველ ნახევარში, თუმცა გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, ეს მაჩვენებელი ვერ შენარჩუნდა და წლის ბოლოს ერთნიშნა ზრდა გვაქვს. კერძოდ, გასული წლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 7%. კარგია რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, რაც თითოეული მოქალაქისთვის თუ ბიზნესისთვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას ნიშნავს“, – აცხადებს საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
რამდენად აისახა თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ყოფაზე პოლიტიკოსების მიერ არაერთხელ ნახსენები რიცხვები და როგორ ესმის საზოგადოებას ტერმინი „ეკონომიკური ზრდა“. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების მოსაზრებები განსხვავებულია. თუმცა შემთხვევითი რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი ოჯახების თუ პირადი კეთილდღეობა ბოლო პერიოდში არ გაუმჯობესებულა.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენს ოჯახებზე არანაირად არ აისახება. მაგ ინფორმაციას ვინც აცხადებს, მათ ოჯახებზე აისახება მხოლოდ. რიგითი მოქალაქეებისთვის არაფერი არ იცვლება. როდესაც ქვეყანა და მისი საზოგადოება მხოლოდ მომხმარებელია და არაფერს არ აწარმოებს, როგორ გვექნება ეკონომიკური ზრდა?“- ამბობს თბილისის მცხოვრები გოჩა ცუცქირიძე.
მოქალაქეთა ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მათი შემოსავალი მცირედით გაიზარდა, რაც დადებითად აისახა ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ამ ბოლო წლებში პენსიაც მომემატა და ხელფასიც გამეზარდა მცირედით. ვერ ვიტყვი რომ ეკონომიკა ყვავის და არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია, მაგრამ უკეთესობა ნამდვილად არის, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემს ოჯახზე დადებითად აისახა“, – ამბობს თბილისის მცხოვრები მზია ტვილდიანი.
ეკონომიკური ზრდის ეფექტიანობის ნიუანსებზე საუბრობენ ეკონომიკის სპეციალისტები. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, თუ რა არის რეალურად ეკონომიკური ზრდა და როგორ პოვებს ასახვას ის სახელმწიფოსა თუ თითოეულ მოქალაქეზე. ექსპერტი ამბობს, რომ ხალხისთვის საგრძნობლად დადებითი ეფექტი მხოლოდ სტაბილური ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშია მიღწევადი.
„იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ჯიბეებზე აისახოს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ასევე ამის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამას ეტაპობრივად ყველა მოქალაქე იგრძნობს. ამისთვის კი არ უნდა იყოს ჩავარდნა, რეცესია. სამწუხაროდ, ასეთი ფენომენია ეკონომიკური ზრდა, ისევე როგორც ეკონომიკური ვარდნა. უმალ ვერცერთი ვერ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 7 ან 10%-იანი ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა უცბად 10%-ით გავმდიდრდებით. რაც შეეხება გასული წლის 7%-იან ზრდას, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა გასულ წლებში ორნიშნა ზრდა გვქონდა, რაც პრინციპში ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული“, – აცხადებს გიორგი კეპულაძე.
2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთნიშნა ზრდით დასრულდა. მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, 2024 წელს ასევე ერთნიშნა 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა იგეგმება. საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები კი ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-იდან 5.2%-ამდე გაიზრდება.
ალეკო გვეტაძე