,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” ნატო-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ეტაპების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ სამუდამოდ შეცვალა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ლანდშაფტი. ამ ომის გავლენა საქართველოზე კი განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა. სწორედ ამ გეოპოლიტიკური სურათის ფონზე არსებულ ნატო-საქართველოს პარტნიორობის განხილვას დაეთმო ,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ გამართული საჯარო დისკუსია.
ინსტიტუტის მკვლევრებმა წარადგინეს პოლიტიკის დოკუმენტი სახელწოდებით ,,შემდეგი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში: დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყნის უნარზე, შექმნას მძლავრი დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორი და გააძლიეროს საზოგადოებრივი და სამხედრო-სამოქალაქო მედეგობა. ამ შემთხვევაში საქართველო შეძლებს დააბალანსოს ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყანას ალიანსისთვის არამიმზიდველს ხდის, როგორებიცაა თბილისის კონტროლს მიღმა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რუსული ოკუპაცია თუ სხვა.
დოკუმენტი ასევე მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნებისთვისაც.
,,ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი მიზანი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ეს ნაწილი, რადგან ევროკავშირი ამ ეტაპზე ვერცერთი წევრი სახელმწიფოსთვის ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. საკითხები, რომლებიც კონკრეტულად უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, რაც დღეს ქვეყანას ძალიან სჭირდება, მით უმეტეს ოკუპაციის ფონზე”, – ამბობს კორნელი კაკაჩია, ,,საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად ევროატლანტიკური ინტეგრაციაც საქართველოს კონსტიტუციური არჩევანია.
“ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ შეხვედრას ვესწრები გაერთიანებული სამეფოს სახელით. ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, ეს ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა საქართველო არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს, გაერთიანებული სამეფო კი მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. დღევანდელ შეხვედრაზე წარდგენილი დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. პირველ რიგში ეს არის პროგრესი დემოკრატიული რეფორმების გატარების გზაზე. მართალია, ნატო სამხედრო გაერთიანებაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპებისადმი პატივისცემა ამ ორგანიზაციისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. დოკუმენტში ასევე წერია, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების გამყარებაში”, – განაცხადა მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
,,ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის შესაძლებლობასაც იძლევა. საქართველოს კონსტიტუციაში არა მხოლოდ ევროპული არამედ ევროატლანტიკური მისწრაფებაცაა ჩაწერილი. ეს არის თქვენი საგარეო, სტრატეგიული და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანი. ნატო-ს გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ, არ შეცვლილა: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მას ყველაფერი აქვს, რაც ამის მისაღწევად სჭირდება. მართალია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი შეიცვალა. თუმცა ჩვენი გადაწყვეტილა კვლავ ძალაშია“, – ამბობს ალექსანდრე ვინიკოვი, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული კავშირის გაღრმავება და თუ რა შესაძლებლობები არსებობს ცვალებადი გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინებით.
როგორც წარდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს 2024 წლის სამიტს, რადგან ამ უკანასკნელმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს უსაფრთხოების ლანდშაფტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში.