უკრაინა ცდილობს მოაგვაროს ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების პრობლემები , თუმცა როგორც ჩანს, ვიქტორ ორბანისთვის ეს საკმარისი არ არის.
დასავლეთ უკრაინის ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილები უნგრულ ენაზე მიმდინარეობს, მოსწავლეები კი ეთნიკურად უნგრელები არიან.
დეკემბერში უკრაინამ შეცვალა განათლებისა და ენის შესახებ კანონები, ეთნიკურად უნგრელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე სასწავლებელში მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება.
მილიან კონსტანტინოვიცი, „მათიას კორვინუსის კოლეგიის“ პროფესიულ საქმეთა დირექტორის მოადგილე საუბრობს უკრაინელი და უნგრელი მოსახლეობის ურთიერთობაზე:
„საინტერესოა, რომ ხშირად დაძაბულობა უკრაინელ და უნგრელ ხალხს შორის ხელოვნურად არის გამოწვეული. აქ გვერდიგვერდ მცხოვრებ ადამიანებს, ამ ტერიტორიის მკვიდრებს, არანაირი პრობლემა არ აქვთ ერთმანეთთან“, – ამბობს კონსტანტინოვიცი.
უნგრეთის პოპულისტი პრემიერი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ უკრაინის მთავრობა ეთნიკურად უნგრელი მოსახლეობის უფლებებს არღვევს. განსაკუთრებით ზაკარპატიაში მცხოვრები 75 000 უნგრელი სტუდენტის უფლებებს, რომლებსაც უკრაინა შესაძლებლობას არ აძლევს მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება.
ეს ვიქტორ ორბანის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლითაც უკრაინისთვის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერის დაბლოკვას ამართლებს.
ახლა, როცა საკანონმდებლო ცვლილებებით პრობლემა მოგვარდა, ოფიციალური ბუდაპეშტი მაინც უკმაყოფილოა.
„ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ეროვნული უმცირესობების საკითხი გადაწყვეტილია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში გასული წლის ბოლოს მიღებული კანონი უდავოდ იმსახურებს პატივისცემას. მან შეაჩერა უარყოფითი ციკლი, რომელშიც რვა წელი ვიყავით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ უკრაინაში ვიზიტისას.
Along with 🇺🇦 Foreign Minister @DmytroKuleba met with 🇭🇺 Minister of Foreign Affairs and Trade Péter Szijjártó. Among other issues, we discussed the implementation of the 🇺🇦 Peace Formula. I expressed hope for strengthening 🇺🇦-🇭🇺 relations. pic.twitter.com/i1StgaEIOu
— Andriy Yermak (@AndriyYermak) January 29, 2024
თუმცა ცვლილებების დადებით შედეგებს უკვე გრძნობენ უკრაინაში მცხოვრები უნგრელები. მათ შორისაა ლასლო ზუბანიჩი, რომელიც უკრაინაში უნგრელების ინტერესებს იცავს.
„უკრაინამაც დიდი ზიანი განიცადა იმის გაცნობიერების გზაზე, რომ არსებობს წესები, რომლებსაც ყველამ უნდა სცეს პატივი. უკრაინა ბოლო წლებში მხოლოდ უკრაინელ მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული, ახლა კი ის მზადაა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტერესები დაიცვას“, – განაცხადა ლასლო ზუბანიჩმა, უკრაინის უნგრეთის დემოკრატიული ალიანსის ხელმძღვანელმა.
პირველ თებერვალს ევროკავშირის სამიტი იმართება. ვიქტორ ორბანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, მხარს დაუჭერს თუ არა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს.
ქალაქ ოჟოროდის ეკლესიაში უნგრელები და უკრაინელები ერთად ლოცულობენ მშვიდობისთვის.