ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს. მათ შეუერთდნენ ავსტრია და იაპონია.
ამ ქვეყნების წარმომადგენლების თქმით, სააგენტოს თანამშრომლებს „ჰამასის“ დაჯგუფების იმ პირებთან აქვთ კავშირი, რომლებმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანეს იერიში.
სააგენტოში კი ამბობენ, რომ პალესტინელი მოსახლეობისთვის დახმარების შეწყვეტას სავალალო შედეგები მოჰყვება, რადგან ღაზაში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
Humanitarian operations in northern and central Gaza are being severely hampered by access denials, excessive delays at checkpoints, and military activity.
The safety of humanitarians is also under threat.
Latest update from @UNOCHA: https://t.co/ThnUHhhYRq pic.twitter.com/b1hJfj4zVH
— United Nations (@UN) January 29, 2024
„ის ბრალდებები, რომლებიც ისრაელმა სააგენტოს თანამშრომლებს წაუყენა, ჯერ გამოსაძიებელია. აღშფოთებული ვართ იმ რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომელთაც დახმარების შეჩერება სურთ. ამ ქვეყნების დახმარება სააგენტოს წლიური ბიუჯეტის 70%-ს შეადგენს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ისინი დახმარებას ყველაზე რთულ დროს წყვეტენ, ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მხარეებს დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდისკენ მოუწოდებს. გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტო ღაზაში მყოფ 2 მილიონამდე პალესტინელს უწევს შემწეობას”, – განაცხადა პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ.
გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტომ რამდენიმე თანამშრომელი „ჰამასთან“ ახლო კავშირების ბრალდებით უკვე გაათავისუფლა.
თუმცა, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, სააგენტოში დასაქმებულია 200-ამდე ადამიანი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საჭიროა ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
„სააგენტოს შესახებ არსებული ანგარიში შემაშფოთებელია. სააგენტომ ეს საქმე დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს. ამ საკითხს თითოეული ადამიანი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და საჭიროების შემთხვევაში ყველამ აგოს პასუხი. ასეთი ზომების მიღება აუცილებელია, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ჩვენ არ გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ საქმე ჩვენს სტრუქტურებს გამოეძიებინათ, თუმცა არსებული წყაროები სანდოა. რა თქმა უნდა, გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტო რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ორგანიზაცია პალესტინელ მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს შესაბამისი დახმარების მიღებაში ეხმარება. წვდომა მოსახლეობაზე, რესურსები და სტრუქტურა, რომლებიც სააგენტოს აქვს, სხვას არავის არ აქვს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს თანხები ამ მიზნებს მოხმარდეს და სააგენტოს ეს როლი გაგრძელდეს ღაზაში. ამიტომ გაეროს პალესტინის დახმარების სააგენტომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს და მოაგვაროს ეს საკითხი“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სააგენტოში კი ამბობენ, რომ თუ დაფინანსება არ განახლდება, სააგენტოს რესურსები თებერვლის ბოლოს ამოეწურება.