მთავარიევროპაიტალიავენეციის 2024 წლის კარნავალი მარკო პოლოს გარდაცვალებიდან 700 წელს ეძღვნება

ვენეციის 2024 წლის კარნავალი მარკო პოლოს გარდაცვალებიდან 700 წელს ეძღვნება

ვენეციის კარნავალი შაბათს დაიწყო, მას მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი დაესწრო ადგილობრივები და ტურისტები, რომლებიც ნიღბებსა და ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი, სან მარკოს მთავარ მოედანსა თუ ქალაქის სხვა ქუჩებზე შეიკრიბნენ.

„ამდენ ხალხს დიდი ენერგია მოაქვს. ყველა აღფრთოვანებულია. ულამაზესი კოსტიუმებია. ძალიან ბედნიერები ვართ, აქ ნახავთ შესანიშნავ ნიღბებს, დეკორაციას,  საკვებს“, – ამბობს ამერიკიდან ჩამოსული ტურისტი კაშა ნუნალე.

„კარნავალზე შარშანაც ჩამოვედით. მაშინ ოდნავ განსხვავებულად გვეცვა. აქაურობა ძალიან მოგვწონს. ჩემი აზრით, კარნავალი ამ ისედაც ულამაზეს ქალაქს რაღაც განსაკუთრებულს მატებს. არაჩვეულებრივია, როცა  შეგვიძლია ტრადიციები შეინარჩუნო“, – ამბობს მე-17 საუკუნის რაინდის კოსტუმში გამოწყობილი ტურისტი, კარლო ამელოტი.

კვირას ნავების აღლუმი გაიმართა. ხალხს გრან-კანალზე სხვადასხვა ფერის ასობით ნავის ნახვა შეეძლო.

აღლუმს წინ უძღოდა ნავი, სახელწოდებით „პანტეგანა“, რაც ვენეციურად ვირთხას ნიშნავს. შემდეგ ფერადი კონფეტი და ბუშტები გაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარნავალი ოფიციალურად გაიხსნა.

2024 წლის კარნავალი მარკო პოლოს გარდაცვალებიდან 700 წელს ეძღვნება. მან მე-13 საუკუნეში სწორედ ვენეციიდან დაიწყო აღმოსავლეთისკენ მოგზაურობა. ქალაქის ქუჩებში მის პატივსაცემად სხვადასხვა წარმოდგენაც იმართება.

„მარკო პოლო ვენეციელი იყო, ნიკოლოს შვილი. ის ძალიან პატარა იყო, აღმოსავლეთისკენ მოგზაურობა რომ დაიწყო. შეხვდა უამრავ ადამიანს, გაეცნო უცხო კულტურებს. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი თავგადასავალი იყო, ბევრი უბედურებაც შეემთხვა. ჩვენ გვინდა,  გავიმეოროთ ეს ზღაპარი, რომელიც მან მოგვიანებით თავის წიგნში მოგვითხრო“, – ამბობს 2024 წლის ვენეციის კარნავალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მასიმო კეკეტო.

ორგანიზატორების განცხადებით, კარნავალი, რომელიც 13 თებერვლამდე გაგრძელდება, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend