NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს პენტაგონში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენცია განიხილეს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პენტაგონში დაბრუნდა. ამერიკელი მაღალჩინოსანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით პირველი დეკემბრიდან მოყოლებული დისტანციურად მუშაობდა.
ლოიდ ოსტინის პენტაგონში დაბრუნებას ემთხვევა NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ვაშინგტონში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურმა და ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენცია განიხილეს.
NATO-მ უკრაინისთვის 200 ათასი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. ამავდროულად, ალიანსი ემზადება ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრებისთვის, რომელშიც 90 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
„ომი უკვე თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. ბრძოლის ველზე ვითარება იცვლება, მაგრამ ამავე დროს, ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეწყდეს. უკრაინისათვის გაწეული დახმარება ქველმოქმედება არ არის, ეს ჩვენს უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიციაა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით უფრო არასტაბილური გახდება“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას.
As Russia shows no signs of seeking peace, NATO Allies’ continued support to Ukraine is crucial to helping them fight for their freedom#StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/yJGQIyHhoo
— NATO (@NATO) January 29, 2024
„თქვენი დამსახურებით NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევას შესაბამისად უმკლავდება. უკვე ორი წელია, რაც პუტინის მიერ წამოწყებული ომი მიმდინარეობს და უკრაინელი ერი დიდი სიმამაცით უწევს რუს აგრესორს წინააღმდეგობას. NATO ვითარდება და იზრდება, ფინეთი შემოუერთდა ჩვენს რიგებს და შვედეთიც უახლოვდება ალიანსის წევრობას. წელს ვაშინგტონში NATO-ს დაარსების 75-ე წლისთავს ვიზეიმებთ და იმედია, შვედეთი ამ ზეიმს ალიანსის წევრი სახელმწიფოს რანგში შეხვდება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.