მთავარიამერიკამექსიკაპროტესტის ფონზე მექსიკაში კორიდა დაბრუნდა

პროტესტის ფონზე მექსიკაში კორიდა დაბრუნდა

მექსიკაში 500-წლიანი ტრადიცია კორიდა გრძელდება. ადგილი უცვლელია – ეს პლაზა მეხიკოს მოედანია.

ტრადიციულ წარმოდგენას ცხოველთა დამცველები მუდმივად აკრიტიკებდნენ. ის 2022 წლის ივნისში სამართლებრივადაც აიკრძალა. თუმცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აკრძალვა და კორიდა მექსიკის დედაქალაქში დაბრუნდა. ამ ფაქტის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ ცხოველთა დამცველების პროტესტი არ წყდება. 300-ამდე აქციის მონაწილე კორიდის მიმდინარეობისას მოედნის გარე პერიმეტრზე შეიკრიბა და შიგნით მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდა. მათ სასამართლოში არაერთხელ შეიტანეს სარჩელი, რომლითაც ამტკიცებენ, რომ კორიდა არაჯანსაღ გარემოს ქმნის მეხიკოში და მოსახლეობას ცხოველების მიმართ ძალადობისკენ უბიძგებს.

ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტები კორიდას განახლებას აპროტესტებენ, მეხიკო. 28 იანვარი, 2024 წელი Copyright AP photo/Fernando Llano

,,სასტიკად ვეწინააღმდეგები ამ სადიზმს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცხოველების კვლასა და მათ წამებას. 21-ე საუკუნეში ასეთი ქცევები დაუშვებელია, ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს”, – ამბობს ნადია რამირეზი, ცხოველთა დამცველი.

კვირას გამართული კორიდა ცნობილმა მექსიკელმა მატადორმა ხოსელიტო ადამემ გახსნა. ამ სანახაობას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრი, ვინც კორიდას აპროტესტებს, მაგრამ ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შევძლებთ მის ჩატარებას’’, – ამბობს მარიო ზულაიკა, არენის დირექტორი.

მექსიკის ზოგიერთ შტატში ხარების ბრძოლა დღესაც აკრძალულია.

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად გლობალურად 180 000 ხარი იღუპება კორიდის დროს და კიდევ უფრო მეტი ზიანდება ხარებთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს.

,,პატარა ასაკიდანვე ვხედავდი, თუ როგორ ზრდიდა მამაჩემი ხარებს და მართლაც, რომ ოჯახის წევრებივით ექცეოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ხარებს ბრძოლა უწევთ, ეს მათ ჩაგვრას არ ნიშნავს, ეს ნამდვილი ხელოვნებაა”, – ამბობს კონსეპსიონ როდრიგეზი, კორიდის მაყურებელი.

მექსიკელი ბიზნესმენები და გულშემატკივრები ამბობენ, რომ კორიდა 80 000 მუდმივ და 146 000 დროებით სამუშაო ადგილს ქმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მთლიანობაში ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით 400 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მეხიკოს კორიდის მთავარი მოედანი Plaza Mexico მექსიკური ხარების ბრძოლის საკათედრო ტაძრად ითვლება. ის საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს კორიდის სამ მთავარ მოედანს შორის, მადრიდის Las Ventas-სა და La Maestranza-სთან ერთად, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში მდებარეობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend