ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი კი იყო, როგორია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა მსგავს ფორმატში ორ კვირაში გაიმართება.
“გასული დღეების განმავლობაში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მანიპულირებდა და ცდილობდა, ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა, რათა მმართველი გუნდი დაედანაშაულებინა იმაში, თითქოს და პროცესი არ მიმდინარეობდა. პროცესი არ შეჩერებულა როგორც 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ევროკომისიამ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა, ასევე 15 დეკემბრის შემდეგ, როცა ქვეყანას უკვე სტატუსი სამართლიანად და ღირსეულად ჰქონდა მოპოვებული. ეს პროცესი არ შეჩერებულა და არც შეჩერდება – მიზანია საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა ევროკავშირში ადგილის დამკვიდრებისკენ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პარალელურად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი ის რეკომენდაციებია, რომლებიც მანამდე გაწერილი 12 რეკომენდაციიდან არ შეასრულა ხელისუფლებამ. მათივე თქმით, ახლა საჭიროა, განისაზღვროს, რა როლი აქვს პარლამენტს, რომ დეკემბრამდე შესრულდეს ვალდებულებები და ქვეყანა გადავიდეს მოლაპარაკების ეტაპზე.
“12 რეკომენდაცია გვქონდა და აქედან 3 შესრულდა, 9 – არა. შესაბამისად, ევროკავშირმა გვითხრა, რომ 2024 წლის დეკემბერში მოხდება განხილვა, გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებები წევრობასთან დაკავშირებით და დეკემბრამდე საქართველოს ხელისუფლებამ ის დარჩენილი 9 პუნქტი უნდა შეასრულოს. ამაზეა საუბარი, რა უნდა გააკეთოს მათ შორის, პარლამენტმა, რა როლი აქვს მას, მათ შორის, ოპოზიციასაც“, – განაცხადა “მოქალაქეების” წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოს 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და 9 დათქმა მისცა შესასრულებლად იმისთვის, რომ გაწევრების შემდგომ ნაბიჯზე ანუ მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს. მათ შორის, რეკომენდაციები მოიცავს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას. ამის გარდა, გულისხმობს დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებასა და ადამიანების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
ანა ალელიშვილი