მთავარისაქართველოსაქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საჯაროდ გამოცხადდა ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების თაობაზეც, თუმცა მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.

“ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ ამერიკულ დოლარს, სომხეთი არის რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. ასევე მსურს, აღვნიშნო დიდი სიამოვნებით, რომ გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი გვესტუმრა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის თაობაზე. ნიკოლ ფაშინიანმა კი მიულოცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი და ასევე ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა საკითხი, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული კულტურით, ვაჭრობითა და ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა თბილისში ჩატარებული “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში. ეს პროექტი მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ ბრძოლა უკვე დიპლომატიურ ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს, მაგრამ საქმე არ ეხება სახელმწიფო საზღვრების შეცვლას. ერევანი და ბაქო მზად არიან, რომ აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიები 1991 წლის მოცემულობით, ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი ისტორიის ამ ეტაპზე მაინც მთიან ყარაბაღზე უარს ამბობს, 120 ათასამდე ეთნიკურმა სომეხმა კი დატოვა რეგიონი.

ამ სურათის გათვალისწინებით მიმდინარეობს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება, ერევანი ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას. სომხეთი იყენებს როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებს დასავლეთთან ურთიერთობების გასამყარებლად. სომხეთის პარლამენტმა მოახდინა რომის სტატუტის რატიფიკაცია, ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უნდა დაიჭირონ და ჰააგას გადასცენ.

საინტერესოა, რომ ბაქოსა და ბრიუსელს შორის გაფუჭებულია ურთიერთობები. აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს დატოვებაზე ფიქრობს. გამომდინარე აქედან, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო უფრო მკაფიო გეოპოლიტიკურ არჩევანს აკეთებს და სწორედ ამ პროცესების განუყოფელი ნაწილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend