მთავარიმსოფლიოირანისა და პაკისტანის სამხედრო ძალა

ირანისა და პაკისტანის სამხედრო ძალა

ირანს მრავალფეროვანი სარაკეტო არსენალი აქვს, პაკისტანს კი – ბირთვული იარაღი. რა სამხედრო ძალას ფლობს ეს ორი მეზობელი სახელმწიფო – ირანი და პაკისტანი…

უკრაინაში რუსული აგრესიის პარალელურად სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებებია არაბეთის ნახევარკუნძულსა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში. ამ რეგიონში ორმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, ირანმა და პაკისტანმა 2024 წელი სარაკეტო იერიშების გაცვლით დაიწყო. საინტერესოა, რა სარაკეტო შესაძლებლობები აქვთ მათ.

ირანის სარაკეტო ძალა “სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით” საკმაოდ დიდ ფართობზე ვრცელდება და საბერძნეთს, უკრაინასა და აღმოსავლეთით ინდოეთსაც კი ფარავს. პაკისტანის რაკეტებიც ფარავს 2000 კილომეტრ რადიუსზე მეტ ფართობს, თუმცა ევროპის კონტინენტზე დიდი დაფარვა არ აქვს. ამ ორ ქვეყანას დიდი სარაკეტო არსენალი აქვს. მაგალითად, ირანული „ხორამშარი“ ერთსაფეხურიანი, საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაა და ერთ-ერთი ძლიერი შეიარაღებაა ირანისთვის.

მისი პაკისტანური კონკურენტია „აბაბელი“, რომელსაც ბირთვული ქობინის ტარებაც შეუძლია. იმავე კლასისაა ეს რაკეტაც. ესაა საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა.

ირანის ერთ-ერთი უძველესი და საკმაოდ ცნობილი რაკეტების კლასია „შაჰაბი“ და ის 2003 წლიდანაა შეიარაღებაში. მოდიფიკაციების მიხედვით, მათი მოქმედების რადიუსი 800-იდან 1300 კილომეტრამდეა.

დაახლოებით მსგავსი მოდიფიკაციისაა პაკისტანური „შაჰინი“, თუმცა მას მოქმედების უფრო დიდი რადიუსი აქვს, აღწევს 2000 კილომეტრამდე და ეს რაკეტაც ადაპტირებულია ბირთვული ქობინების სატარებლად.

რაც შეეხება ფრთოსან რაკეტებს, ირანული „სუმარი“ საკმაოდ ძლიერი რაკეტაა და 2012 წლიდანაა შეიარაღებაში. ამ ფრთოსან რაკეტას სამიზნეზე ზემოქმედება 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია.

მისი პაკისტანური ანალოგი – „ჰატიფ 7“ კი, “სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” მონაცემებს თუ დავეყრდნობით, სულ რაღაც 700 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედებს.

როგორც ვხედავთ, ირანსა და პაკისტანს დაახლოებით ერთი კლასის რაკეტები აქვთ, თუმცა “სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” მონაცემებით, ირანული სარაკეტო არსენალი უფრო მრავალფეროვანია.

ამასთან, ირანული რაკეტების დიდ ნაწილს შეუძლია ატაროს ბირთვული ქობინი. ირანს, მიუხედავად დიდი სურვილისა და მცდელობისა, ბირთვული შეიარაღება არ აქვს. პაკისტანს კი, “შეიარაღების კონტროლის ასოციაციის” ინფორმაციით, 170 ერთეული ბირთვული ქობინი აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ძალაა, თუმცა ბირთვული არსენალის გამოყენება არაა მარტივი საკითხი.

ამ ორ ქვეყანას ჯარისკაცთა რაოდენობაც თითქმის ერთი ოდენობის ჰყავს. გაგაცნობთ გეოგრაფიულ მონაცემებსაც. ირანისა და პაკისტანის სახმელეთო საზღვარი ავღანეთიდან არაბეთის ზღვამდე გრძელდება და დაახლოებით 900 კილომეტრია. მათ საერთო მტერიც ჰყავთ, ბელუჯისტანის რეგიონში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებები. ბელუჯისტანი საკმაოდ რთული პროვინციაა პაკისტანში. ეს რეგიონი ესაზღვრება ავღანეთსაც და ამ რეგიონს „ალ ქაიდაც“ იყენებდა სხვადასხვა მიზნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბელუჯისტანში ირანსაც და პაკისტანსაც დეკლარირებულად საერთო მტრები ჰყავთ, მათ ერთმანეთის ტერიტორია მაინც დაბომბეს. 18 იანვარს ირანის იერიშების შემდეგ თეირანის არგუმენტიც ის იყო, რომ მათ მშვიდობიანი მოსახლეები კი არ დაბომბეს, არამედ ტერორისტები. ახლა დროებითი ზავია ამ ორ ქვეყანას შორის.

რამდენიმე დღის წინ ირანმა დედამიწის ორბიტაზე სამსაფეხურიანი რაკეტა გაუშვა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები ძალიან მაღალია. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, თანამგზავრის გაშვება ირანის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია შორი მოქმედების ბალისტიკური იარაღის შესაქმნელად. საინტერესოა ისიც, რომ ირანისა და პაკისტანის შეიარაღება ძირითადად საბჭოთა და ჩინურ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების პარალელურად ირანი მოკავშირეების მოძიებას აქტიურად ცდილობს და აფართოებს საგარეო კავშირებს… ფაქტია, რუსეთთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. უკრაინის დასაბომბად კრემლს დრონებს აწვდის და ამ შეიარაღების სპეციალურ მოდიფიკაციებსაც კი ქმნის.

რამდენიმე დღის წინ ირანის ლიდერი თურქეთშიც იყო ჩასული და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ათი სხვადასხვა დოკუმენტი გააფორმა. რეგიონში ძალთა ბალანსი კი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, რაც უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend