სამხრეთ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ,,ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.
ათასობით პალესტინელი გაიქცა ხან-იუნისის დასავლეთით. ქალაქში უკვე ისრაელელი სამხედროების ტანკებიც გამოჩნდნენ.
ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისში სამხედრო ოპერაციის ამსახველ კადრებს ასაჯაროებენ. 24 იანვარს ისრაელის ძალებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, დაეტოვებინათ ხან-იუნისის ცენტრი, შემდეგ კი ქალაქი ალყაში მოაქციეს.
🔴During IDF operations in Khan Yunis, troops from the Paratroopers Brigade located dozens of AK-47s, grenades, mortar shells and explosives used to fire from drones. pic.twitter.com/cLK7X5e9R6
— Israel Defense Forces (@IDF) January 25, 2024
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „ჰამასი“ დაეთანხმება მას, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ოსამა ჰამდანმა, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ დააბრუნებს ღაზაში მყოფ ისრაელელ მძევლებს, თუ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს.
პარალელურად, თელ–ავივში ,,ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ნათესავები და ახლობლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი აცხადებს, რომ იქამდე არ გაჩერდება, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.