მთავარისაქართველო"2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა" - ადამიანის უფლებათა ცენტრი

“2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა” – ადამიანის უფლებათა ცენტრი

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2023 წელს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობაა მიმოხილული.

“2023 წელს საქართველოში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა” – ასეთია ადამიანის უფლებათა ცენტრის წლიური ანგარიშის დასკვნა, რომელიც დღეს, 26 იანვარს, გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზების მახლობლად 2023 წელსაც დაფიქსირდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევები. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის მცოცავი ოკუპაციის პირობებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეფასების მიზნით, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” 2023 წელს ასევე აქტიურად აკვირდებოდა სხვადასხვა აქციას. რიგ შემთხვევებში, შეკრების თავისუფლება დაცული იყო, მაგრამ რამდენიმე აქციაზე შემაშფოთებელი და თვალშისაცემი დარღვევებიც გამოიკვეთა. განსაკუთრებული სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების გამოჩენას. გაწვევის მიუხედავად, კანონპროექტმა გააჩინა მსგავსი კანონმდებლობის სხვა ფორმებით მიღებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი მტრული განწყობის შიში.

ანგარიშის თანახმად, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობების გამო, დიდი გამოწვევების წინაშე დგანან მედიის წარმომადგენლები. კერძოდ, თვალშისაცემია მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეები არაერთი სტიქიური უბედურების მსხვერპლნი გახდნენ. რაჭაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ. თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციებში გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.

თანასწორობის უფლების დაცვის კონტექსტში 2023 წელს ზოგიერთ ჯგუფთან მიმართებაში შეინიშნებოდა პროგრესი, ხოლო ზოგიერთის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულთა, უსახლკარო და ხანდაზმული პირების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება. 2023 წელს არც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა. ისინი კვლავ დისკრიმინაციის, ძალადობისა და სტიგმის მსხვერპლნი იყვნენ.

თუმცა როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, უმცირესობებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაში.

ანგარიშში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შედეგად წარდგენილ დათქმებს.

როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, მიღებული კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის მიერ წარდგენილი დათქმების შესრულების დაკისრებული ვალდებულება იძლევა იმედის საფუძველს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველო განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და შესაბამისად, გაუმჯობესდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend