მთავარიკუბიზელენსკი ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს

ზელენსკი ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია რუსული თვითმფრინავის IL-76-ის ჩამოვარდნის შესახებ. ზელენსკი ვიდეოში ამბობს, რომ რუსები თამაშობენ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიცოცხლით და მათი ოჯახების ემოციებით.

„მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, რამდენადაც შესაძლებელია, ყველა ფაქტი უნდა დადგინდეს. ახლა მთავარი სიტყვა ამ საქმეში „ფაქტია“. მთავარსარდლისა და გენერალური შტაბისგან ჩვენი საჰაერო ძალების გამოყენების შესახებ ანგარიში მივიღე. სამხედრო დაზვერვა სამხედრო ტყვეების ბედის გამოკვლევას ცდილობს.  მე ასევე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს უკრაინის პარტნიორებს ყველა ხელთა არსებული ცნობა. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიების დაწყებას“, – აცხადებს ზელენსკი თავის ოფიციალურ ანგარიშზე.

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ამჟამად ისინი კონკრეტულად მომხდარზე დამოუკიდებლად შეფასებას ვერ აკეთებენ, რადგან ცდილობენ ფაქტების შეგროვებას.

ამავდროულად, ექსპერტების შეფასებით, რუსი პროპაგანდისტები სიტუაციას იყენებენ იმისათვის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები და გაიზარდოს უნდობლობა უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უნდა მომხდარიყო ტყვეების გაცვლა, რომელიც არ შედგა, თუმცა დარწმუნებით მათ არ იციან, იმყოფებოდნენ თუ არა კონკრეტულად ილ-76-ზე უკრაინელი ტყვეები.

„ამჟამად ჩვენ არ გაგვაჩნია დადასტურებული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე. თავის მხრივ უკრაინამ შეასრულა ტყვეთა გაცვლისთვის აუცილებელი მოთხოვნები. ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები დროულად გადაყვანილ იქნენ დანიშნულ ადგილზე გაცვლის მიზნით, სადაც ისინი უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ“, – ვკითხულობთ უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინელი მეომრების უსაფრთხოება რუსეთს უნდა უზრუნველეყო, ხოლო რაც შეეხება ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს უკრაინული მხარისთვის ადრინდელივით არ უცნობებიათ, ისევე როგორც, ტყვეთა ტრანსპორტირების საშუალებები, მარშრუტები და ფორმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს.

შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend