მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იქ მცხოვრები ყოველი მეშვიდე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს.
რამდენიმე ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმი The Ones Left Behind, რომელიც გასულ წელს გამოვიდა, იაპონიაში მცხოვრები ბევრი მარტოხელა დედის ამბავს აერთიანებს და მათ რთულ პირობებზე მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორის რიონ მაკევოის განცხადებით, ნამუშევარი საკმაოდ რთულ და ამასთანავე, ტაბუირებულ თემებს ეხება.
როგორც რიონ მაკევოი ამბობს: “ფილმში გადმოცემული საკითხი იაპონიისათვის საკმაოდ პრობლემატურია. მარტოხელა დედებს შვილებთან ერთად მრავალი პრობლემის მოგვარება უწევთ, მაგრამ ამაზე ფიქრი არავის უნდა, რადგან აზიის ქვეყნებში ქორწინებასთან დაკავშირებული უამრავი საკითხი დღემდე ტაბუირებულია. ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემებიც ემატება, რაც ქალებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის”.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მასში მცხოვრები ყოველი მეშვიდე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო მარტოხელა ოჯახების დაახლოებით ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ამასთან ერთად ქვეყანაში დღემდე აქტუალურია ქალთა დასაქმებისა და მათი ანაზღაურების კუთხით არსებული პრობლემები.
“როცა ფილმზე მუშაობა დავიწყე ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიური პრობლემები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ბავშვთა სიღარიბის კუთხით ასეთი მწვავე პრობლემები იდგა. მე ასევე გამაკვირვა იაპონიაში მცხოვრები იმ ქალების რიცხვმაც, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ფილმის მიზანიც ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქალებისა და ოჯახების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. ვფიქრობ, მსგავსი პრობლემების წინა პლანზე წამოწევა ყველა ადამიანის ვალია”, – ამბობს როინ მაკევოი.
ფილმმა “მიაკოიმას” საქველმოქმედო კინოფესტივალზე უკვე მოიპოვა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წოდება, ასევე ნამუშევარი “იოკოჰამას ფესტივალის” ნომინანტთა სიაში მოხვდა.