ფრანგმა ფერმერებმა საფრანგეთსა და ბრიუსელში დემონსტრაცია გამართეს დაბალი ხელფასებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის წინააღმდეგ.
საფრანგეთის ბევრ რეგიონში საპროტესტო მოძრაობის გამო გადაიკეტა გზები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის წინააღმდეგ ფერმერებმა პროტესტი გამართეს გერმანიაში, ნიდერლანდებსა და რუმინეთში.
მოთხოვნები თითქმის ყველგან ერთია. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.🔽https://t.co/VQ4bANVt2D
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 23, 2024
პოლონეთშიც მთავრობას სურს უკრაინულ მხარესთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანზიტთან დაკავშირებით. როგორც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, შეთანხმების გაფორმებით დაიცავენ პოლონელების ინტერესებს და არ დაუშვებენ უკრაინიდან პროდუქტების უკონტროლო შემოდინებას. ფერმერებმა პოლონეთის მასშტაბით 150-ზე მეტ ადგილას გამართეს პროტესტი.

რუმინელი ფერმერები და გადამზიდავებიც არ თმობენ თავიანთ მოთხოვნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ მთავრობის მიერ გამოცხადებული რეგულაციების გამო. ფერმერები უკვე 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მართავენ პროტესტს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ იმ ასოციაციებთან, რომლებიც მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და გარკვეულ ზომებზეც შეთანხმდნენ, არანაირი კავშირი არ აქვთ.