ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, სულ უფრო მეტი კოკაინი გადის ევროპის პორტების გავლით, ამიტომ ევროკავშირი მზადაა, ითანამშრომლოს კერძო საზღვაო ტერმინალის ოპერატორებთან ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროპის პორტების ალიანსი ახალი ინიციატივაა პოლიციას, საბაჟო მოხელეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ინფორმაციის შესაგროვებლად.
ახალი ინიციატივა უკვე ამოქმედდა ანტვერპენში.
,,კონკურენტი კრიმინალური ჯგუფები ერთად მუშაობენ, ათავსებენ დიდ ტვირთს ატლანტის ერთ მხარეს და ანაწილებენ მათ მეორე მხარეს, აქ, ევროპაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ შევაჩეროთ დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც ჩვენს პორტებში მექრთამეობით, კორუფციითა და მუქარით აღწევენ. თუ შიგნიდან ვინმე არ ეხმარება, მათთვის რთული იქნება ნავსადგურში შესვლა და კონტეინერებიდან ნარკოტიკების გადმოტანა“, – განაცხადა ილვა იოჰანსონმა – ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა.
2023 წელს ნარკოტიკების დიდი რაოდენობა ამოიღეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ბანდები პორტებში შიდა უსაფრთხოების სისუსტეებით სარგებლობდნენ.
ახალი ალიანსი მიზნად ისახავს, გაითვალისწინოს ნარკოტრეფიკინგის საწინააღმდეგო რეგულაციები, რომლებიც უკვე დააწესეს ზოგიერთ პორტში. ისინი ცდილობენ, ეს რეგულაციები მთელ ევროპაში გაავრცელონ.