მთავარისაქართველო“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი” - პოლიტიკოსების შეფასება

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი” – პოლიტიკოსების შეფასება

 2023 წლის განახლებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს მოლდოვა და უკრაინა იკავებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“ აქვეყნებს. 2023 წლის განახლებულ ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს კი მოლდოვა და უკრაინა იკავებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობას დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ არაერთი პარამეტრით საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით არათუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე ქვეყანაა.

„როდესაც ხელი ასეთ სიცრუესა და აბსურდზე გაქვს მოწერილი, რა ჰგონია ამ ადამიანებს, რომ ვინმემ წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მარტივად შევადაროთ, თუ როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და როგორია მოლდოვაში?“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს ლიდერის სტატუსი დააკარგვინა არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში.

„სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველო სულ რაღაც 3-4 წლის წინ იყო ქვეყანა, რომლითაც ამაყობდნენ როგორც ევროკავშირში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე ამაყობდა ნატო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვამაყობდით ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიში სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია“, – განაცხადა „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეალურად საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი კლებით, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგია. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი კლება გამოვლინდა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, დამოუკიდებელი მედია და ა.შ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend