კაკიაშვილების ოჯახი აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღეს, 24 იანვარს, უნდა გამოესახლებინა, თუმცა გამოსახლება გადაიდო. დგილზე დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები – მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები.
“არა გამოსახლებას!” – ეს ფრაზა დღეს, 24 იანვარს, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მარიამ კაკიაშვილის საცხოვრებელთან დილიდან ისმოდა. მარიამ კაკიაშვილი მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ერთადერთი საცხოვრისიდან იძულებით უნდა გამოესახლებინათ. ის ამბობს, რომ კერძო მევახშისგან თავდაპირველად 2014 წელს აიღო სესხი, შემდეგ კი ამ ვალის გადასახდელად ფული სხვა მევახშისგან ისესხა. საბოლოოდ ვალი მაინც ვერ დაფარა, ამიტომ მისი სახლი 2017-2018 წლებში აუქციონზე გაიყიდა. მარიამი ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი ფართი სწორედ იმ პირმა შეიძინა, ვისი ვალიც ჰქონდა.
„აქ მარტო ვალის დაბრუნებაზე არ არის საუბარი, აქ უფრო სხვა ფაქტორებია, თორემ ვალის დაბრუნებას არავინ ვეწინააღმდეგებით, ვალი უნდა დაბრუნდეს, ოღონდ ლოგიკის ფარგლებში. არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი თანხები და ვისაც არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთიანად დავფაროთ ეს თანხა, უნდა იყოს ბერკეტი, რომ ჩვენ შევძლოთ ამ თანხების დაბრუნება, თუნდაც, ჩემს შემთხვევაში იმდენის, რამდენსაც ითხოვს. ამის საშუალებას არ გვაძლევენ. არცერთი გამსესხებელი არ აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ თანხა დაუბრუნოს და მსესხებლები დარჩნენ თავის სახლებში”, – ამბობს მარიამ კაკიაშვილი.
კაკიაშვილების სახლთან დილიდან შეიკრიბნენ გულშემატკივრები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები… მათ სახლთან მისასვლელი გზა ჩახერგეს და ბარიკადები ააგეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გამოსახლება გადაიდო… აღსრულების ეროვნულ ბიუროში ევრონიუს ჯორჯიას უთხრეს, რომ ვინაიდან ოჯახი სოციალურად დაუცველია და იქ არასრულწლოვანები ცხოვრობენ, პროცესი დროებით გადაიდო. კანონის მიხედვით, მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.
კაკიაშვილების სახლთან შეკრებილი მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ოჯახების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების წინააღმდეგ.
„ ჩემი აზრით სოლიდარულ კოლექტიურ ქმედებას ყოველთვის აქვს აზრი, აღმასრულებელმა დაინახა ხალხის ძალაუფლება, თუმცა ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის დამთავრებული, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი ზამთარში გამოსახლებაზე და არ დავიწყებთ მსჯელობას იმ კანონის შეცვლასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც უნდა შეწყვიტოს ასეთი კაბალური გამოსახლებები ზოგადად, ერთი გამარჯვება არ არის საბოლოო გამარჯვება“, – აცხადებს ეკა წოწორია, აქციის მონაწილე.
როგორც აქციის მონაწილე გივიკო ბარათაშვილი ამბობს: „თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რომ ვიდგეთ ამ ადამიანების გვერდით იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდებათ ახლა მათ. ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის ამბავი, ამ თაღლითური სქემის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი გავხდეთ ხვალ და ძალიან კარგად ვნახეთ გუშინ, როგორ არაადამიანურად და როგორი ფორმებით მოხდა ამ ადამიანების გამოსახლება მათი უკანასკნელი საცხოვრისიდან ქუჩაში, შუა ზამთარში”.
„იმას, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ეს არის ის მევახშური პოლიტიკა, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას ძალიან დიდი კლასი, ეს კლასი არის ეკონომიკური და არის ბიზნესელიტებით, პოლიტიკური გაუგებარი ფიგურებით შემოსაზღვრული, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება ამ ქვეყანაში და მათ აქვთ უფლება გამოასახლონ ბავშვები სახლიდან ამ სიცივეში, ყინვაში და მთავარია, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ და ეს სოციალური პროტესტი უნდა გაგრძელდეს და არ შემოიფარგლოს ერთი და ორი ოჯახით“, – განაცხადა კაკიაშვილების მხარდასაჭერად მისულმა ალექსანდრე გაბელაიამ.
„ამ მომენტისთვის ვითხოვთ მორატორიუმის აქტს, რომელიც პარლამენტს შეუძლია გამოსცეს და ამ აქტით შეწყდეს გარკვეული ეტაპით, სანამ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, გამოსახლებები და ვფიქრობ, რომ ეს არის გასაკეთებელი დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ 1300 ოჯახი ელოდება კიდევ გამოსახლებას”, – თქვა პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა.
დღეს, 24 იანვარს, კაკიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად მივიდა მარინა ხატიაშვილიც. სწორედ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინიდან.
„ჩვენ გვაქვს ჯგუფი, ერთმანეთი გავიცანით და ვიცავთ თავს, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც რისი ეშინია არ ვიცი, მაგრამ ეშინიათ, იმიტომ რომ ეუბნებიან, რომ ჩვენ მოგიგვარებთ, არ გინდათ პანიკა, მაინც გამოგასახლებენ, მიდიან და ეგრევე ყრიან ქუჩაში, ასეთი გამოსახლებები დღეში ორია და ხანდახან სამიც“,- განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.
კაკიაშვილები საკუთარ საცხოვრებელში რჩებიან. თუმცა დროებით… ჯერ არავინ იცის, როდის მივა იქ აღსრულების პოლიცია და რა ელის ოჯახს, რომელიც უკიდერეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
ელენე ქორქია