მთავარისაქართველომიწა ჩემს სახლთან…

მიწა ჩემს სახლთან…

აგვისტოს ომიდან მეთექვსმეტე წელს კოდის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები მშობლიური კერიდან შორს შეხვდნენ. ამ დასახლებაში სხვადასხვა ასაკის ადამიანს, სხვადასხვაგვარი მოგონებითა და ისტორიით მშობლიური კუთხიდან ერთი რამ აერთიანებთ – იმედი, რომ ადრე თუ გვიან შინ აუცილებლად დაბრუნდებიან.

„პირველი დავირბენ იმ ჩემს ტერიტორიას, სადაც მე რაღაც გამიკეთებია. ყველგან შემოვირბენ, ყველა ადგილს ვნახავ, სადაც კი ფეხი დამიდგამს, სადაც კი ჩემი შრომა და მთელი ჩემი ახალგაზრდობაა ჩადებული“, – ამბობს ინგა ბერუაშვილი.

კოდის დევნილთა დასახლებაში ყველა, ვისაც ახსოვს, ან არ ახსოვს მშობლიური კუთხე, სახლში დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ცხინვალის რეგიონიდან ათ საცხოვრებელ კორპუსში გადანაწილებული დევნილები შვილებს, შვილიშვილებს ზღაპრებად უყვებიან ისტორიებს თავიანთ მიწაზე.

ინგა ბერუაშვილი ერედვიდანაა დევნილი. 2008 წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში აღარ დაბრუნებულა. ამბობს, რომ იქ დატოვა ძალ-ღონე, ახალგაზრდობა და ბედნიერი წლები. ყოველი ახალს წელს იმედით ელოდება, იქნებ ახლა მაინც გადაწყდეს რამე…

„ამ ახალ წელსაც მაგ იმედით შევხვდი. აი, აუცილებლად უნდა დავბრუნდე, აუცილებლად. რატომღაც მე ასე მჯერა. ბევრს არ სჯერა და ეცინება ჩემს ნათქვამზე, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ“.

კოდაში მცხოვრები დევნილები დროდადრო „კოდის სათემო განათლების ცენტრში“ იკრიბებიან. სხვადასხვა ხელობასა და უნარს ეუფლებიან. ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე ათასობით დევნილს დაეხმარა.

„ყველას ოცნება ერთია – ჩვენ რომ დავბრუნდებით, ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ იქ ჩვენი რეგიონი განვავითაროთ“, – ამბობს მადონა ოქროპირიძე, “კოდის სათემო განათლების ცენტრის” ხელმძღვანელი.

მანანა ოთინაშვილის თქმით, არ აპირებდა საკუთარი სახლის, შვილების სახლის მიტოვებას, რადგან ფიქრობდა, დაპირისპირება მალე დასრულდებოდა და ოჯახი ჩვეულ რიტმში გააგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ შვილის საფლავზე დადებული პირობა ვერ შეასრულა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით დატოვა დიდი ლიახვის ხეობა.

„18 აგვისტოს ავედი საფლავზე, ჩემი შვილის საფლავზე, რათა პირობა დამედო, რომ აქედან არ წავიდოდი. გაისროლეს, შემეშინდა, ჩამოვარდა „ასკოლკები“. აქ რომ დავიჭრა, ვერც ვერავინ მიპოვის-მეთქი და გამოვიქეცი. გზაში დამწვარი სახლებიდან გადმოყრილი ფიცრები მხვდებოდა. სულ ალში გამოვიარე“, – იხსენებს მანანა ოთინაშვილი.

შოთიკო ხაჭაპურიძე სოფელ ქურთაში ბოლოს 5 წლის ასაკში იყო. თითქმის აღარაფერი ახსოვს არც ომის პერიოდზე, არც სახლზე, მაგრამ დაბრუნების იმედი აქვს და ზუსტად იცის, პირველი რასაც ნახავდა: „პირველი რას ვნახავდი? არ ვიცი, ალბათ, ვინაიდან აღარაფერია შემორჩენილი, ალბათ, მხოლოდ ბუნებაა, მდინარე და ამით უნდა დატკბე. მიწასთან შეხება იქნებოდა ალბათ, სასიამოვნო“.

აქ დასახლებულ დევნილებს სჯერათ, რომ ერთ დღესაც მშობლიურ სოფლებში დაბრუნდებიან. მათ სწორედ საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი აერთიანებთ…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend