მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით

რუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით

23 იანვარს, დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევსა და ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაღუპულია სულ მცირე 6 პირი, დაშავდა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებული და დანგრეულია ათეულობით შენობა, მათ შორისაა სახლები თუ სასწავლო დაწესებულებები.

ამ იერიშამდე 21 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ბაზარში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. რუსეთი ამ ფაქტს უკრაინას აბრალებს. კრემლში ამბობენ, რომ იერიში სწორედ უკრაინის არმიამ მიიტანა, რასაც უკრაინელი სამხედროები უარყოფენ.

23 იანვარს კი მძიმე დილა გათენდა კიევში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 40-ზე მეტი ბალისტიკური, საზენიტო, მართვადი და საკრუიზო რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, დანგრეულია სახლები, დამსხვრეულია ფანჯრები, ავტომანქანები…

სახლების ნაწილში გაჩერება უსაფრთხო აღარ არის, შესაძლოა, ნებისმიერ წამს ჩამოიშალოს. ამიტომ მაცხოვრებლები ჩემოდნებს ალაგებენ და მიდიან. მიდიან, თუმცა არც თუ ისე შორს – სარდაფში.

„მართალი გითხრათ, ძალიან შემეშინდა. იმდენი ვიყვირე, ამდენი არასდროს მიყვირია. დილის 8-ის ნახევარი იყო. ამ თავდასხმის შემდეგ მეკითხებოდნენ, რატომ არ იყავი თავშესაფარშიო. არ ვიცი, რა ვქნა… წავიდე? სარდაფში ძალიან ავად გავხდი, მაგრამ აშკარად ჯობია იქ ყოფნა. ახლა აქ დარჩენის ძალიან მეშინია“, – ამბობს ანასტასია ტოვჰკოვა, სტუდენტი.

„გარეთ ვიყავი, დავინახე რაკეტა დაფრინავდა. გადავხტი და ძირს დავეცი. მერე აფეთქების ხმაც გავიგე. გადავრჩი, მაგრამ ძალიან შემეშინდა. საშინელება იყო, აფეთქების ხმის შემდეგ ნგრევა დაიწყო. თავს ვერ ვაღწევთ შიშს, გვეშინია, მაგრამ მაინც გვჯერა, რომ გადავრჩებით. დიდება უკრაინას. ყველაფერი კარგად იქნება“, – იხსენებს ივან ბურლაკოვი, კიევის მკვიდრი.

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 50-ამდე პირი კი დაშავდა რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინაში. დაშავებულებს შორის არის 13 წლის მოზარდიც. დაღუპული 6 პირიდან 5 ხარკივის მკვიდრი იყო.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ჯარისკაცები დაშავებულებს ეხმარებიან, ჭრილობებს უხვევენ. მათ გვერდით შენობიდან ისევ კვამლი ამოდის. ა

უკრაინაში თითქმის ორი წელია ომია, რუსული ომი. ამ ომს შეეწირა უამრავი უკრაინელი ბავშვი, ქალი, მოხუცი, კაცი. და მაინც, გადარჩენილები ერთმანეთს ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend