საქართველოში მანქანის მართვის ქალ მასწავლებლებს იშვიათად შეხვდებით. ნინო კახნიაშვილი უკვე 1 წელია, რაც ქალაქში მანქანის მართვას ასწავლის. მისი თქმით, მოსწავლეებად ქალებიც ჰყოლია და მამაკაცებიც.
მარიამ ლაცაბიძეს ქალაქში მანქანის მართვის წესებს ავტოინსტრუქტორი ნინო კახნიაშვილი ასწავლის. თხუთმეტწლიანო გამოცდილების შემდეგ ნინომ გადაწყვიტა, რომ თავისი ცოდნა არა მხოლოდ მეგობრებისთვის, არამედ სხვა მსურველებისთვისაც გაეზიარებინა. დაიწყო ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა და სოციალურ ქსელებში გავრცელება. მალევე მას ბევრი მსურველი გამოეხმაურა და გადაწყვიტა, მანქანის ტარების ინსტრუქტორობა გაეგრძელებინა. ამ გამოცდილების ნაწილი ისიც არის, რომ გავრცელებული სტერეოტიპით, მამაკაცები ქალებზე უკეთ მართავენ ავტომობილს.
„ის ქალები, რომლებიც კარგად მართავენ, საერთოდ ვერ შეამჩნევ, რომ ავტომობილის საჭესთან ზის ქალი. ვინც თვალში გვხვდება, ის უბრალოდ არის ახალბედა მძღოლი და ძალიან ბევრი კაცი მძღოლი დადის წესების დაცვის გარეშე და ქმნის პრობლემებს, მაგრამ რატომღაც ამაზე არავინ საუბრობს და მხოლოდ ქალებზე არის ხოლმე საუბარი. თავიდან, როცა დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, იყო ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი, განსაკუთრებით მამაკაცებისგან. მაგრამ ამ 1 წლის განმავლობაში ვხვდები, რომ თითქოს მათ ცნობიერებაში რაღაც შეიცვალა“, – ამბობს ნინო კახნიაშვილი.
პირველი გაკვეთილი ავტომობილის შესწავლით იწყება, ქალაქში გასვლამდე მასწავლებელიც და მოსწავლეც ღვედს იკრავენ და წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან. გზაში მასწავლებელი მოსწავლეს უხსნის ყველა დეტალს, ახსენებს საგზაო მოძრაობის ნიშნებს, აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ასწავლის, თუ როგორ აიცილოს ისინი თავიდან. ნინო კახნიაშვილის თქმით, მას მოსწავლეებად ქალებიც ჰყოლია და მამაკაცებიც.
„ გოგოების მხრიდან რომ ვთქვათ, ალბათ, ისინი ჩემსავით კომფორტულად გრძნობენ თავს ქალ ინსტრუქტორთან. ბიჭების მხარეს რაც შეეხება, ეს უფრო მეტად ალბათ, სტერეოტიპის ბრალია, რომ ქალ მძღოლებს არ შეუძლიათ ისევე კარგად მართონ მანქანა, როგორც მამაკაცებს. მე არ ვეთანხმები ამ სტერეოტიპს, მაგრამ ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიჭები ირჩევენ უფრო ხშირად კაც ინსტრუქტორებს“,- ამბობს ნინოს მოსწავლე მარიამ ლაცაბიძე.
ნინო კახნიაშვილი გარკვეულწილად არღვევს გავრცელებულ სტერეოტიპს. მართვის ინსტრუქტორად ქალებს, მართლაც, იშვიათად შეხვდებით.
„ ორივე მყავდა ქალიც და კაციც. ორივესგან დაახლოებით ერთი გამოცდილება შევიძინე, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იცოდეს და გასწავლოს“.
„ მე ვფიქრობ, რომ მართვის დროს უფრო მამაკაცი ჯობს, თეორიაში შეიძლება ქალი, ალბათ“.
„ ქალს და მამაკაცს თანაბარი უნარები აქვს. არის საკითხები, რომლებშიც კაცი უფრო ძლიერია, იმიტომ კი არა, რომ ქალზე მეტია, უბრალოდ ფიზიკური მონაცემები აქვს მას უკეთესი და შეიძლება მანქანასაც მართავდეს, გარკვეულ საკითხებში, სამგზავრო სატვირთო მანქანები რომ არის“.
„ მგონი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კარგად მართავდეს და კარგად იცოდეს წესები. მე ვფიქრობ, რომ სტერეოტიპი არსებობს, რადგან პროცენტულად უფრო მეტი მამაკაცი მძღოლი ატარებს ვიდრე ქალი“, – ასე ფიქრობენ თბილისის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები.
ნინო კახნიაშვილის თქმით, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრი პრობლემა არსებობს. ეს არის მოუწესრიგებელი გზები, მძღოლები, რომლებიც საგზაო წესებს არღვევენ, უწესრიგოდ გაჩერებული მანქანები და ასევე ქვეითები, რომლებიც ქუჩებზე არასწორ ადგილას გადადიან.