7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ჩინეთის დასავლეთ სინძიანის რეგიონის მცირედ დასახლებულ ნაწილში.
მოსახლეობას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, გარდაცვლილთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
ჩინეთის სეისმური ქსელის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ღამით 2 საათზე დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ამ მაღალმთიან რეგიონში 233 000 ადამიანი ცხოვრობდა.
სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილას ჩავიდა დაახლოებით 200-ამდე მაშველი, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება აქსუს რეგიონში. მოძრაობა შეჩერდა რკინიგზაზე, დაწესებული შეზღუდვა კი 23 მატარებელს შეეხო. მოძრაობა დილის 7 საათზე აღდგა.
სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ რეგიონში 14 განმეორებითი ბიძგიდან ორი 5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ტერიტორია, სადაც მიწისძვრა მოხდა, ძირითადად დასახლებულია უიღურებით, ეთნიკურად თურქი მოსახლეობით. ისინი ძირითადად მუსლიმანები არიან და ხშირად ხდებიან მსხვერპლნი იძულებითი ასიმილაციისა და მასობრივი დაკავების დროს.