ავდიივკის ფლანგზე კვლავ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ამ დასახლებასთან კრემლს 40 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. დაიბომბა რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკიც, სადაც 20-ზე მეტი პირია დაღუპული.
უკრაინაში, დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება ავდიივკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამავდროულად, კრემლი ინტენსიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ირანული წარმოების 8 დრონი პრიმორსკო-ახტარსკიდან იყო გაშვებული. “ყველა მათგანი ჰაერშივე გავანადგურეთ”, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. ერთ დღეში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 102 საავიაციო და 80 საარტილერიო იერიში განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ავდიივკის ფლანგზე იყო.
„ერთ დღეში დაახლოებით 60 შეტაკება მოგვიხდა რუსებთან. განსაკუთრებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებია ავდიივკის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე ბახმუტის, მარინკისა და კუპიანსკის ფლანგებსა და სამხრეთ ფრონტზე. დაახლოებით 50 იერიში მიიტანეს რუსული რეაქტიული არტილერიით, იყო ათეულობით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმა. ერთ დღეში რუსებმა ასზე მეტი ქალაქი და სოფელი დაბომბეს უკრაინის 9 რეგიონში. ყველაზე სასტიკი ბრძოლა კი დონეცკის რეგიონში იყო. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
Russian forces advanced near Avdiivka amid continued positional engagements along the front. 4/4
Full report: https://t.co/fFIC18AWzn pic.twitter.com/J8AKJDFxM3
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) January 21, 2024
აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკშიც. ბაზარში მომხდარ აფეთქებებს ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაშიც რუსული მხარე კიევს ადანაშაულებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, დონეცკის ჩრდილოეთით რუსებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და ავდიივკის სამხრეთით პოზიციებიც დაიკავეს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსებს ავდიივკის ფლანგზე დაახლოებით 40 ათასი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული და ახალი იერიშისთვისაც ემზადებიან. როგორც რუსულმა ისე უკრაინულმა მხარეებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ კრემლმა კონტროლი დაამყარა ხარკივისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ერთ-ერთ სოფელზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, გააქტიურებული იერიშების ფონზე რუსებს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების ნაკლებობა აქვთ.