მთავარისაქართველოSTAND-UP - სიცილისა და თვითგამოხატვის უსაფრთხო სივრცე

STAND-UP – სიცილისა და თვითგამოხატვის უსაფრთხო სივრცე

საქართველოში სულ უფრო ხშირად იმართება კომედიური საღამოები.

თბილისში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება სთენდაფი, როცა კომიკოსები ან უბრალოდ ადამიანები აუდიტორიის წინაშე გამოდიან და თავიანთი გამოცდილების, დაკვირვებების შესახებ ჰყვებიან და ხუმრობენ.

სთენდაფკომიკოსობა ანუ სთენდაფერობა თიკო ნადირაშვილის დიდი ხნის ოცნება იყო. თიკო ხშირად უყურებდა უცხოელ სთენდაფერებს. როდესაც შეიტყო საქართველოში არსებული სცენის შესახებ, გადაწყვიტა, თავადაც წარმოეჩინა თავი ამ ამპლუაში. მისი დებიუტი STAND-UP Tbilis-ზე შედგა.

„აღმოვაჩინე STAND-UP Tbilisi და მივხვდი, რომ საქართველოში ძალიან მაგარი კომიკოსები გვყავს. დავუკავშირდი მათ და ვუთხარი, რომ ჩემი ოცნება იყო, მეც გამეკეთებინა სტენდაფი. ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ ჩემი მიზანი იყო, ხალხი გამერთო. ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავჯექი. რაც თავს გადამხდა, ის დავწერე. მოვამზადე. მერე განვიხილავდით, რა იყო სასაცილო და რა – არა. 1-2 თვე ამ ტექსტზე ვმუშაობდი“, – ამბობს თიკო ნადირაშვილი.

თიკოსთვის ეს პირველი გამოცდილება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მომავალშიც აპირებს სთენდაფზე გამოსვლას.

„ორ კაცთან საუბარს დიდ აუდიტორიასთან ლაპარაკი მირჩევნია. ჩემი მთელი ცხოვრების ოცნებაა, რომ ხალხი გავართო და გავაცინო. ჩემი აზრით, როდესაც აუდიტორიის წინ დგახარ, არის ამის შესაძლებლობა. 10 წუთის განმავლობაში აუდიტორიის ყურადღება გაქვს. ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. ვცდილობ, ეს დრო გამოვიყენო, ხალხი გავაცინო და ვასიამოვნო“, – ამბობს თიკო ნადირაშვილი.

აუდიტორიის წინაშე უკვე რამდენიმე წელია გამოდის STAND-UP Tbilisi-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა სიხარულიძე. მისი თქმით, STAND-UP Tbilisi-ზე საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ხუმრობა ყველას შეუძლია. სწორედ ამ მოტივით 2024 წელს ახალი სეზონი „ღია მიკროფონით“ დაიწყო.

„ახალი კომიკოსის გამოსვლა ყველას უხარია. როგორც წესი, ახალი გამომსვლელის მიმართ აუდიტორია ძალიან გულისხმიერია. ხშირად მწერენ ხოლმე, როგორ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, გასაუბრება თუ არის საჭირო. ყოველთვის ერთი პასუხი გვაქვს – არაფერი არ არის საჭირო. უბრალოდ ერთი დღით ადრე მოგვწერეთ, რომ ადგილი გავითვალისწინოთ. არც თემატიკას ვეკითხებით, რადგან ასეთი პოლიტიკა გვაქვს, რომ საუბარი ყველაფერზე შეგიძლია“, – ამბობს STAND-UP Tbilisi-ის ორგანიზატორი ანა სიხარულიძე.

STAND-UP 6Tbilisi 2018 წლიდან არსებობს. თავიდან თუ მხოლოდ ინგლისურენოვანი იყო, მალევე  ქართველმა კომიკოსებმა ქართულადაც დაიწყეს ხუმრობა. დამწყებ კომიკოსებს დღეს გაცილებით მეტად შეუძლიათ თავიანთი სათქმელი აუდიტორიამდე მიიტანონ.

ანა, რომელიც სთენდაფზე 2019 წლიდან გამოდის ამბობს, რომ წლებთან ერთად აუდიტორიაც ბევრად უფრო გახსნილი გახდა.

„თავიდან ერთადერთ კომპლიმენტს ვიღებდით, რომ არც ისეთი ცუდი იყო, როგორიც მეგონა. ქართულად სტენდაფი ვერ წარმოედგინათ. არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობდნენ. შეიძლება, ქართული სინტაქსი არ არის სხარტი  ან ინგლისურ სტენდაფს ვართ მიჩვეული… თუმცა ფაქტია, შესაძლებელი ყოფილა. ნელ-ნელა ეს გადავლახეთ. უკვე პატარა რეგულარული აუდიტორიაც გვყავს, რაც ძალიან გვიხარია“, – ამბობს ანა სიხარულიძე.

კომიკოსები ამბობენ, რომ სთენდაფი სიცილისა და თვითგამოხატვისთვის შექმნილი უსაფრთხო სივრცეა, სადაც ხუმრობა და საუბარი ყველაფერზე შეუძლიათ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend