მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სისტემები

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო სისტემები

რომელ ჩრდილოკორეულ რაკეტას იყენებს რუსეთი უკრაინის მოსახლეობის დასაბომბად… როგორია ფხენიანის მრავალფეროვანი სარაკეტო არსენალის შესაძლებლობები და მოდიფიკაციები. მოსკოვისა და ფხენიანის ურთიერთობა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეგულაციებს არღვევს.

რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანულ და ჩრდილოეთკორეულ სამხედრო საშუალებებს. დრონები და საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებით ყოველდღიურად იბომბება უკრაინული ქალაქები. ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ინის რეჟიმის, სარაკეტო არსენალში სხვადასხვა მანძილზე მოქმედი რაკეტებია. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ძირითად და ყველაზე აქტიურად გამოყენებულ საშუალებებზე.

· ასეთია, მაგალითად, 2500–4000 კილომეტრზე მოქმედი, თვითმავალ დანადგარზე დამონტაჟებული სარაკეტო სისტემა „ბი-ემ -25“, იგივე „მუსუდანი“. სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ინფორმაციით, ეს სარაკეტო სისტემა ირანსაც აქვს და მას ატომური ქობინის გადატანაც შეუძლია.

· შემდეგი სარაკეტო სისტემაა „ჰვასონგ -12“ – იგი 4500 კილომეტრ მანძილზე მოქმედებს. მასაც შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა.

· „ჰვასონგის“ კლასის მომდევნო სარაკეტო სისტემა კი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაა და მხოლოდ ჩრდილოეთი კორეა ფლობს. მისი მოქმედების რადიუსი 10 000 კილომეტრზე მეტია.

· სწორედ „ჰვასონგის“ კლასის ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტებია „ქეი-ენ 24“ და „ქეი-ენ 23“, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს მიაწოდეს. ორივე რაკეტა დაახლოებით 400-450 კილომეტრ რადიუსზე მოქმედებს და რუსული „ისკანდერის“ ანალოგია.

· „ჰვასონგ 7“ უფრო დიდ მანძილზე – 1200/1500 კილომეტრზე მოქმედებს. ეს სარაკეტო სისტემა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაში 1994 წლიდანაა და მას 1200-კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის ზიდვა შეუძლია.

· „ჰვასონგ 5“, ჩრდილოეთ კორეის გარდა, ირანს, ლიბიასა და იემენსაც აქვთ. სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, მისი მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია და შეუძლია ქიმიური და ბიოლოგიური ქობინიც გადაიტანოს.

· ასევე გავრცელებულია ჩრდილოკორეული რაკეტა „ჰვასონგ 6“. ამ ახლო მოქმედების ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია ატაროს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული ქობინები, ამ სისტემას ფლობენ ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ეგვიპტე, ლიბია, სირია, იემენი…

· ჩრდილოეთ კორეას აქვს ისეთი სატელიტური სამსაფეხურიანი სისტემაც, როგორიცაა, მაგალითად, „ტაეპოდონგ 2“, რომლის მოქმედების რადიუსი ასევე 10 000 კილომეტრამდეა.

ჩრდილოეთ კორეა ეს ის ქვეყანაა, რომელიც დასავლური სამყაროსგან სრულ იზოლაციაშია და მაინც ახერხებს როგორც ბირთვულ, ისე ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების შექმნას.

ჩრდილოეთ კორეის მოკლე და საშუალო რადიუსის სისტემები მოიცავს სხვადასხვა საარტილერიო თუ მცირე რადიუსის რაკეტებს, მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულ „სკად-ისა“ და „ნოდონგის“ ტიპის რაკეტებს. 2019 წელს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა რამდენიმე ახალი მოკლე დისტანციის მყარი საწვავის რაკეტები KN-23 და KN-25 და საშუალო და შორი მოქმედების რაკეტები. 2017 წლის ივლისში ცდის ფარგლებში გაუშვეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. კიმ ჩენ ინის რეჟიმი მუდამ ძიებაშია, რომ სარაკეტო შესაძლებლობები განავითაროს. შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 30 ბირთვული ქობინი აქვს. ფლობს ასევე ურანის გამდიდრების ტექნოლოგიას და ამ დანიშნულების სპეციალურ ობიექტს. შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ანგარიშში ნავარაუდევია, რომ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, მსოფლიოსგან მალულად მეტი რესურსი და საშუალებაც ჰქონდეს. სწორედ ეს განაპირობებს მოსკოვთან ფხენიანის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად ცდილობს მოკავშირეებთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩრდილეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა, შემდეგ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ლიდერი ესტუმრა მოსკოვს. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთმა საკვების სანაცვლოდ საარტილერიო ჭურვები წამოიღო ჩრდილოეთ კორეიდან. თეთრი სახლის ინფორმაციით, ფხენიანს საპასუხოდ მოსკოვისგან სახმელეთო ტექნიკა და რაკეტების შექმნისთვის საჭირო კომპონენტების მიღება სურს.

ჩრდილოეთი კორეა გაეროს იარაღის ემბარგოს ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც მან პირველად გამოცადა ბირთვული ბომბი 2006 წელს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები უკრძალავს სხვა ქვეყნებს იარაღით ან სხვა სამხედრო აღჭურვილობით ჩრდილოეთ კორეასთან ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბოლო სამხედრო შეთანხმება ასევე მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების, საარტილერიო და ნაღმმტყორცნ ჭურვებსაც. როგორც ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსი სახელმწიფოების იმედი უნდა ჰქონდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend