მთავარიმსოფლიოევროპა"ორბანს არ უნდა დავუთმოთ!" - ევროპული სტრუქტურების დავა უნგრეთის გამო

“ორბანს არ უნდა დავუთმოთ!” – ევროპული სტრუქტურების დავა უნგრეთის გამო

ევროპარლამენტის დეპუტატები ამბობენ, რომ ორბანის შანტაჟზე დაყოლიება და ევროკავშირის მიერ დათმობა უნდა დასრულდეს, რადგან ამას უნგრეთის მხრიდან უფრო მეტი მოთხოვნა მოჰყვება. ევროპარლამენტის წევრებმა ევროკომისიასა და მის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უსაყვედურეს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც კომისიამ დეკემბერში მიიღო და რომლის ფარგლებში უნგრეთს გაყინული ფონდიდან 10 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროკომისიას სასამართლოში უჩივლებენ და ამ მხრივ სამართლებრივი ქმედებებით იმუქრებიან.

“დეკემბერში უნგრეთს პრემიერ-მინისტრის შანტაჟის საპასუხოდ 10 მილიარდი ევრო გამოუყავით, ახლაც იმავეს აპირებთ?” – ამ კითხვით მიმართეს ევროპარლამენტის წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მათი თქმით, იმისათვის, რომ ორბანს არ დაებლოკა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრებისთვის მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება, ოთახი სწორედ 10 მილიარდი ევროს გამოყოფის სანაცვლოდ დაატოვებინეს.

ტერი რაინტკე, ევროპარლამენტარი გერმანიიდან ამბობს: „ჩვენ ვხედავთ, რომ უნგრეთში არსებობს კანონის უზენაესობის საფრთხე, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, სწორედ ამიტომ ახლა არასწორი ნაბიჯი იყო გაყინული თანხიდან მათთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფა. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის წინააღმდეგ სასამართლოს წინაშე წარდგენას“.

ამჟამად, ბრიუსელს უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხიდან 20 მილიარდზე მეტი ევრო აქვს გაყინული, კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უნგრეთი ამ თანხის სრულად გადაცემას ითხოვს. ევროპარლამენტარები კი უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე მსჯელობენ. მათ განაცხადეს, რომ ევროკავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეს შანტაჟს და ევროპული კავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდეს, მყარად დადგნენ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ.

სოფი ინტველდი, ევროპარლამენტარი ნიდერლანდებიდან: „ყველა ღრმად უკმაყოფილო ვართ ევროკომისიისა და ევროსაბჭოს საქმეების მოგვარების გზებით. ვფიქრობ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ახლა მთელი კონტინენტი და მათ შორის უკრაინა ორბანის მძევლები ვხდებით“.

უნგრეთის მმართველ პარტიას კრიტიკა არ მოეწონა და თქვეს, რომ ევროპარლამენტი მიკერძოებული იყო.

„ამ პარლამენტში აშკარად არიან ის ადამიანები, ვისაც არ სურს ევროკომისიისა და უნგრეთის მთავრობის შეთანხმება, ვისაც არ აინტერესებს დეტალები, არც ფაქტები და არც რეალობა. მათთვის რეალობას მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ბალაზ ჰიდვეგი, ევროპარლამენტარი უნგრეთიდან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფა გამართლებულია.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend