მთავარისაქართველოდავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკურ პერსპექტივებს ეხებოდა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკურ პერსპექტივებს ეხებოდა. ამ პანელის მონაწილეებს შორის იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე და თქვა, რომ საქართველოს აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანი. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროცესი ნიშნავს რკინიგზის, აეროპორტებისა თუ სხვა უმსხვილესი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ აბსოლუტურად ერთგულნი ვართ ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების იდეის, რომელიც იქნება საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული გზა. ორი წლის წინ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს პროექტი ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს პორტების, რკინიგზის, აეროპორტების მოდერნიზების კუთხით, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დისკუსიისას სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური საკითხების მოგვარება ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის მისაღწევად.

„დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია. ერთი ეს არის გეოპოლიტიკური საკითხები, მეორე კი ეკონომიკური. ეკონომიკა ნიშნავს ღირსეულ ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრება ვერ იქნება ნორმალური, რიგი გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრის გარეშე. ჩვენ მარტივად შევეჩვიეთ ომს უკრაინაში. ახალი ამბები უკრაინიდან კვლავ საშინელი ომის მაუწყებელია, მაგრამ შევეჩვიეთ. გვესმის ამბები ღაზიდან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები კვდებიან. ხალხი იღუპება, მაგრამ შევეჩვიეთ, სამწუხაროდ. ვადევნებთ თვალს ამბებს ჰუსიტებთან დაკავშირებით. მათ წითელ ზღვაში დაიწყეს თავდასხმები სავაჭრო ტვირთებზე. ეს დაახლოებით 7 დღის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ახლა აღარ არის ისეთივე მნიშვნელობის. ეს პრობლემაა, უდიდესი პრობლემა, რომელიც დიდი გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend