მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკის მესამე დავოსი

ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე დავოსი

შვეიცარიის ალპებში, დავოსში, დემოკრატიული დასავლეთისა და გლობალური სამხრეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავოსის ფორუმზე, შვეიცარია. 17 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Markus Schreiber

ისევე როგორც 2023 წელს დავოსში განხილვის მთავარი საკითხი ომი გახლავთ, უკვე თითქმის 700 დღეა, რაც კრემლი კოლოსალური დანაკარგების მიუხედავად ჯიუტად უტევს დასავლური შეიარაღებით აღჭურვილ უკრაინულ არმიას, ტრადიციულად რუსი ჯარისკაცი არ ინდობს შეუიარაღებელ მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა დავოსში საკუთარი სიტყვის უდიდესი ნაწილი სწორედ დემოკრატიული დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების გაწევის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბარს დაუთმო, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოერიდა პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერების კრიტიკასაც და დასავლეთს კრემლისთვის მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “სანქციების სრულმასშტაბიან ამოქმედებას პუტინის მშვიდობისკენ იძულება შეეძლო, ამის მაგივრად ბევრი დრო დავკარგეთ და ბევრი გამოცდილი მებრძოლი დაგვეღუპა, ბევრი შესაძლებლობაც გავუშვით ხელიდან. კონფლიქტის გაყინვა უკრაინაში ომის დასასრულს ვერ მოიტანს, ყველა გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ ომში გადაიზრდება. 2014 წელს კონფლიქტის გაყინვას ძლევამოსილი მედიატორები ჰყავდა, მაგრამ ომი მაინც დაიწყო. პუტინი ომის განსახიერებაა, პუტინი მტაცებელია, რომელიც გაყინული პროდუქტებით არ დაკმაყოფილდება. პუტინია ერთადერთი მიზეზი რატომაც ომი მიმდინარეობს, მასთან მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა, პუტინს ვერაფერი გამოასწორებს”.

დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოთა სხვა მაღალჩინოსნებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დავოსის ფორუმზე, შვეიცარია. 17 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Markus Schreiber

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “ომის დასასრულს მე ჯერ ვერ ვხედავ. სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მუდამ მზად ვართ, ჩვენ ვცადეთ მშვიდობის დამყარება, ეს ყველაზე მეტად უკრაინელ ერს სურს. მიუხედავად ამისა, რუსული მხარეც უნდა იყოს მზად მშვიდობისა და რაციონალური მოლაპარაკებების წარმოებისთვის, სწორედ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელთა წინააღმდეგაც გახლავთ მიმართული რუსული აგრესია”.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: “მიმაჩნია, რომ აუცილებელია ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფო უჭერდეს მხარს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გაწევას. ეს თანხა უკრაინას 4 წლის განმავლობაში უნდა გადაეცეს. პირველ თებერვალს ევროპულ საბჭოში განსაკუთრებულ სხდომას გავმართავთ და განხილვის მთავარი საკითხი სწორედ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა იქნება, ყველა თუ არა 26 სახელმწიფოს წარმომადგენელი მაინც შეთანხმდება, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ერთსულოვანი თანხმობა”.

დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 1971 წლიდან იმართება და წლევანდელი შეკრება 19 იანვრამდე გასტანს, დავოსში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend