გზა ცისკენ

პოლონეთში სილეზიის რეგიონში ავიაკლასტერები ევროპული საჰაერო-კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებას უწყობენ ხელს

 „ევრონიუსის“ გადაცემა „ბიზნესპლანეტა“ პოლონეთში ჩავიდა, რათა ენახა, თუ როგორ უზიარებს ცოდნასა და ინოვაციებს  სილეზიის საავიაციო კლასტერი 100-ზე მეტ ევროპულ ფირმას, რათა  საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმაროს.

პოლონურმა კოსმოსურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ KP Labs-მა ახლახან გაუშვა თავისი პირველი სატელიტი, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალ ტექნოლოგიათაგან, რომლებიც ამ კომპანიამ  პოლონეთის „სილეზიის საავიაციო კლასტერის“ ფარგლებში შექმნა.

ეს კლასტერი ამ რეგიონში მდებარე პლანერის ინდუსტრიიდან აღმოცენდა და ახლა 120 საჰაერო-კოსმოსურ კომპანიას მოიცავს.

გასულ წელს ილონ მასკის მიერ გაშვებულ SpaceX’s Falcon 9-ზე კომპანია KP Labs-მა კოსმოსში  უკვე გააგზავნა ნანოსატელიტი Intuition 1-ი და ბორტზე მონაცემთა გადამამუშავებელი მოწყობილობა Leopard-ი. Intuition 1-ის მისია თანადაფინანსებას პოლონეთის ეროვნული კვლევისა და განვითარების ცენტრისგან იღებს.

“სენსორიდან ფოტოები  Leopard-ზე იგზავნება, შემდეგ Leopard-ი ქმნის სხვადასხვა ალგორითმსა და ოპერაციას და ამის მერე ჩვენ ვიწერთ მიღებულ ინფორმაციას დედამიწის სადგურზე,“ – განმარტავს ჰელენა მილევიჩი, კომპანია KP Labs-ის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი.

დედამიწის დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავების წყალობით პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება – მაგალითად, მაშინვე იწყება კრიზისის მართვა ხანძრისა და წყალდიდობის დროს ან მარცვლეულთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

“როგორც წესი,  როცა ყანას უყურებ, ის მწვანე ან ყვითელია, მაგრამ თუ მარცვლეულს რამე დაავადება შეეყერა, ამას შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევ, რადგან ამ დროს ყანა ფერს არ იცვლის,“ -ამბობს გჟეგოჟ ლადა, კომპანია KP Labs-ის საოპერაციო ხელმძღვანელი. “ჰიპერსპექტრული გამოსახულება კი უფრო კომპლექსურია და მისი დახმარებით შეგიძლია მწვანე ფერის 10 გრადაცია გაარჩიო. შესაბამისად, ის ნამდვილად გეხმარება, შეამჩნიო, თუ რამე ცუდი ხდება მანამ, სანამ ადამიანის თვალი გაარჩევს“.

როგორ ისარგებლა ევროპულმა ბიზნესმა „სილეზიის საავიაციო კალსტერით“?

KP Labs-ი კლასტერის წევრი 2016 წელს კომპანიის დაფუძნებისთანავე გახდა, როდესაც იქ მხოლოდ 3 ადამიანი მუშაობდა. ახლა ის ბევრად უფრო დიდი კომპანიაა. კლასტერის დახმარებით ეს კომპანია საერთაშორისო დონეზე გავიდა.

KP Labs-ი კლასტერის წევრი ჰელენა მილევიჩი – Euronews

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია, რომელსაც დავესწარით, იყო კოსმოსური ტექნოლოგიის გამოფენა (Space Tech Expo) ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო ჩვენთვის პირველი კონფერენცია და იქ წასვლის შესაძლებლობა კლასტერთან თანამშრომლობის წყალობით მოგვეცა,“ -უთხრა ჰელენა მილევიჩმა „ევრონიუსს“.

ქვანახშირის მოპოვებამ არსებითი როლი შეასრულა სილეზიაში. მაგრამ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ინდუსტრია თანდათან განადგურდა. ევროკავშირისა და უცხოური ინვესტიციების დახმარებით  ადგილობრივი პროფესიონალების გუნდმა აქ საავიაციო კლასტერი შექმნა. მას პოლონეთის საკვანძო კლასტერად თვლიან და ამიტომ მთავრობაც აფინანსებს.

შიშტოფ კრისტოვსკი, სილეზიის ავიაკლასტერის პრეზიდენტი – Euronews

„წელიწადში დაახლოებით 70, 75, 80 სხვადასხვა მისიის ორგანიზებას ვახერხებთ. ეს არის სავაჭრო მისიები, რომლებსაც ჩვენი წევრები მთელ მსოფლიოში აწარმოებენ. ამიტომ ეს ძალიან დიდი ამბავია,“ – განმარტავს კშიშტოფ კრისტოვსკისილეზიის ავიაკლასტერის პრეზიდენტი.

„ზოგჯერ წელიწადში 2 მილიონ ევროსაც კი ვხარჯავთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს წევრ კომპანიებს, ბაზარზე გავიდნენ და ექსპორტი გაზარდონ“.

ევროპაში 100 კლასტერია – გერმანიაში მდებარე Silicon Saxony-ი მიკროელექტრონიკის სექტორში მსოფლიო ლიდერია, Mine The Gap-ი კი კლასტერული ქსელია კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის სექტორში. ყველა ეს ჯგუფი კონკურენტუნარიანობის, გამძლეობისა და ინოვაციის განმტკიცებას უწყობს ხელს.

კლასტერი მხოლოდ ბიზნესების გეოგრაფიული კონცენტრაცია კი არ არის, ამავდროულად, ის არის კვლევა-განვითარების ცენტრიც, უნივერსიტეტიც, საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელიც და ა.შ.

ისინი ხელს უწყობენ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასა და უმუშევრობის შემცირებას.

მცირე და საშუალო ბიზნესების სასიცოცხლო წყარო

კლასტერში შემავალი კომპანიების 70 პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს ეკუთვნის. ზოგიერთი მათგანისთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ანჯეი პაპიორეკი, კომპანია Wytwórnia Konstrukcji Kompozytowych-ის ხელმძღვანელი:

“კოვიდმა გარკვეული ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოკლა ავიაცია, ამ დროს კლასტერში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენთვის, რადგან მან საშუალება მოგვცა, მიგვეღო გარკვეული აპარატურა, რომელიც აუცილებელი იყო ახალი პროდუქტების შესაქმნელად“.

ეს კომპანია ახლა დრონის ნაწილებს აწარმოებს.

“ჩვენი საქმიანობის 80 პროცენტი ამაზე მოდის… ვამზადებთ სამხედრო ტიპის ზოგიერთ დრონსა და დრონის ნაწილებს,“ – განმარტავს ანჯეი პაპიორეკი.

“სიმართლე გითხრათ, ახლა ვერც კი წარმომიდგენია, რა დაგვემართებოდა, ამ კლასტერის წევრი რომ არ ვყოფილიყავით. ჩემთვის ეს უმთავრესია“.

სილეზიის საავიაციო კლასტერმა ადგილობრივი ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა როგორც პირდაპირი, ისე ეკონომიკური მნიშვნელობით. სწორედ მან შემოიტანა ინვესტიციები, შემოიყვანა ახალი კომპანიები და შექმნა სამუშაო ადგილები პოლონეთის ამ მხარეში.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend