ისრაელისა და ღაზის სექტორის გარდა სხვადასხვა ხასიათისა და მასშტაბის სამხედრო მოქმედება მიმდინარეობს ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ორშაბათს ღამით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ ერაყის მიმართულებით. როგორც ირანში ამბობენ, მათ თავდასხმა მიიტანეს ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოსადის შტაბზე, რომელიც მათივე თქმით, ერაყის ქურთებით დასახლებულ რეგიონში მდებარეობს.
კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ირანმა გაავრცელა, ამბობს, რომ რევოლუციური გვარდია სირიაში თავს დაესხა დაჯგუფებებს, რომელთაც კავშირი აქვთ ისლამურ სახელმწიფოსთან.
Over 100 days after Hamas’ attack on #Israel, civilians continue to be killed.@UNFPA reiterates @UN Secretary-General @antonioguterres’ call for the immediate and unconditional release of all hostages and for a ceasefire now.#NotATarget #Gaza #Palestine pic.twitter.com/89CwRdKW6X
— UNFPA (@UNFPA) January 15, 2024
მსგავსი თავდასხმები კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს, რომ ისრაელ-“ჰამასის” ომი რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება.
ვითარება რეგიონში ისედაც ძალიან რთულია. ისრაელის მიერ ღაზის სექტორის შეუჩერებელ დაბომბვას უკვე შეეწირა 30 000-ამდე პირი. სექტორის მოსახლეობა კი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე.
ისრაელ-“ჰამასის” ომმა ახლო აღმოსავლეთში მთელი რიგი სამხედრო მოქმედებების პროვოცირება გამოიწვია. ირანის მოკავშირეები და თეირანის მართული ძალები, რომლებიც საკუთარ თავს “წინააღმდეგობის ღერძს” უწოდებენ, თავს ესხმიან ისრაელის სამხედროებსა და მის მოკავშირეებს მთელი რეგიონის მასშტაბით. ისრაელისა და ღაზის სექტორის გარდა სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში…
ირანის მხარდაჭერილი “ჰეზბოლას” ძალები ბოლო სამი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე თავს ესხმიან ისრაელს.
ამავდროულად, ირანის მხარდაჭერილი ძალები არაერთხელ დაესხნენ თავს აშშ-ს სამხედრო ბაზებს სირიასა და ერაყში. ჰუსიტი მეამბოხეები წითელ ზღვაში გემებსაც უტევენ.
“ასოშიეთიდ პრესის” ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების ოფისების დირექტორი ჯო ფედერმანი ამბობს, რომ ყოველ წუთს არის საფრთხე, რეგიონში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს. “მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით ვითარება კონტროლდება, თუმცა რაც ხდება, მიუთითებს, რომ რეგიონში დიდი დაძაბულობაა დასავლურ კოალიციასა და ირანის მიერ მართულ ძალებს შორის და ნებისმიერ მომენტში, ყოველ წუთს არის რისკი იმისა, რომ დაიწყება რეგიონული ომი”.
“ეს გზაა განადგურებისკენ”, – ამბობენ ანალიტიკოსები და მიაჩნიათ, რომ ისედაც ომით გადაღლილ ახლო აღმოსავლეთში ახალ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს უმძიმესი ჰუმანიტარული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგები ექნება.