რამდენად შესაძლებელია იაპონიის სოფლების გამოცოცხლება უძველესი ტრადიციების მეშვეობით, როგორიცაა ჩალით გადახურვა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსმა“ მიამისა და ოძუს მაგალითზე სცადა, სადაც ისტორიული სახლები მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
მოგზაურობა სხვადასხვა ტრადიციისა და წეს-ჩვეულების გაცნობის უამრავ საშუალებას გვთავაზობს. სწორედ ამიტომ „ევრონიუსის“ რეპორტიორი ანკა ულეა ჩავიდა იაპონიის ქალაქ მიამაშსა და სოფელ ოძუში, რომლებიც ჩალით გადახურული სახლებით არიან ცნობილი, რათა გაერკვია, თუ როგორ უწყობს ხელს ტრადიციული არქიტექტურა ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
მდგრადი ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი მახასიათებელია ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება ისეთი პროგრამებით, რომლებიც მათი ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს სცემს პატივს.
მიამაში ანკა ნისიო ჰარუოს შეხვდა, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი ოსტატია, რომელმაც სახლის ჩალით გადახურვის იაპონური ტრადიციული ხელობა იცის.
ჩალით გადახურვის იაპონური მეთოდი – კაიაბუკი – რომელიც 5000 წელს ითვლის, ახლახან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. დღეს მხოლოდ 50-იოდე კაცმა იცის ამ მეთოდით შენება.
ჰარუოს 25 წლის ვაჟი ტორა სემინარებს აწყობს, რათა კაიაბუკში ჩასულ ტურისტებს ინფორმაცია მიაწოდოს. ანკა დაესწრო მის სემინარებს და შემდეგ ღამე გაათია 150 წლის ჩალით გადახურულ კოტეჯში, სადაც მასპინძლის ოჯახმა ტრადიციულ სადილზეც დაპატიჟა შუაცეცხლის ირგვლივ.
სოფელ ოძუში ანკა შეხვდა მასშტაბური ინოვაციური პროექტის მდგრადი მიმართულების კოორდინატორს. ეს პროექტი ცდილობს ახალი სიცოცხლე შთაბეროს მდინარე ჰიძიზე გაშენებულ ქალაქს.
ოძუში ზოგიერთი ძველი შენობა გადაკეთდა ტრენდულ მაღაზიად, რომელშიც ადგილობრივი ხელოსნებისა და ოსტატების ნამუშევარი იყიდება. ზოგიც მდიდრულ სასტუმრო ოთახებად იქცა, რომლებიც მთელ სოფელშია მიმოფანტული. ამ პროექტის წყალობით ოძუმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მდგრადი ტურიზმის კუთხით.
ანკა ჩაის მირთმევის ტრადიციულ იაპონურ ცერემონიასაც დაესწრო და მდინარე ჰიძის ხედით დატკბა.
ავტორი: ანკა ულე