ბორტგამყოლის პროფესიაზე შესწავლის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ამ პროფესიაში უმეტესად ქალები არიან. თუმცა მათივე თქმით, ამ ბოლო წლებში გაცილებით მეტი მამაკაცი გამოთქვამს სურვილს, რომ ბორტგამცილებლის პროფესიას დაეუფლოს.
უკვე 16 წელია, რაც ნათია წაქაძე ბორტგამცილებლად მუშაობს. პროფესიით პედაგოგია თუმცა მასწავლებელი არასდროს ყოფილა. ერთხელაც, მოისმინა, რომ ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანია ბორტგამცილებლებს ეძებდა, გასაუბრება გაიარა და 3 თვით საავიაციო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. ნათია წაქაძე მის პირველ გამოცდილებაზე გვიყვება.
“ეს იყო 2008 წელს ზაფხულში, რა თქმა უნდა, იმიტომ ვღელავდი, რომ ეს პირველი გამოცდილება იყო ჩემთვის ამ სფეროში, მაგრამ აფრენის შემდეგ ეს მღელვარება მოიხსნა, ბუნებრივია და მას შემდეგ უკვე ამ სფეროში ვმუშაობ უწყვეტ რეჟიმში, ყოველი რეისის წინ ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს არ არის დაცული ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით ითვლება, რომ თვითმფრინავი არის ყველაზე დაცული და უსაფრთხო ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეული და რუტინული სამსახური დილიდან საღამომდე, ეს არის განსხვავებული ცხოვრების რიტმი, რეჟიმი, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში გვამყოფებს”.
რატომ არის მნიშვნელოვანი ფრენის დროს ბორტზე გამყოლის ყოფნა?
“ყველაზე კარგად იცის წესების შესახებ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი იმედია, ვინც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოიქცეს და მოგცეს კრიტიკულ სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, მნიშვნელოვანია, რომ ხედავდე მშვიდ, გაწონასწორებულ პროფესიონალს”.
“მე დავფრინავ გერმანიაში ხშირად, შვილები იქ ცხოვრობენ და ენის პრობლემა მაქვს, აი, რომ დამჭირდეს, რამე იმედი მაქვს, ან ვთქვათ წამალი დამჭირდეს, ან რაღაც, როცა მარტო ვმგზავრობ, რაღაც იმედს ვგრძნობ”.
“სასიამოვნოა, ყურადღებას როცა გაქცევენ, მაგალითად, წყალი ან რამე თუ დამჭირდა, მომიტანენ, ენის ბარიერზეც არ მაქვს პრობლემა, როცა ბორტგამყოლი არის”.
“მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც, უსაფრთხოების მიზნით ან წესრიგის თვალსაზრისით არ მოხდეს გაუგებრობა მგზავრებს შორის, შევსწრებივარ ხშირად, რომ ეს მომხდარა და ხშირად ბორტგამცილებლები ჩარეულან და დაურეგულირებიათ სიტუაცია”.
“თქვენ გყავთ ის, ვინც გემსახურებათ, როცა რაიმე გჭირდებათ, გაწვდით. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში ისინი ხშირად ექიმებსაც კი ცვლიან და ჩემი აზრით, ძალიან საჭირო ადამიანები არიან”.
ბორტგამყოლ ნათია წაქაძის თქმით, ამ პროფესიაში ბევრი სირთულეა, თუმცა მათ გადასალახად წინასწარ სპეციალურ მომზადებას გადიან. “ყველაზე დიდი სირთულე ალბათ, არის აკლიმატიზაცია, როდესაც თბილისში ზაფხულია, შეიძლება გავემგზავროთ იმ ქვეყანაში, სადაც 45 გრადუსი სითბოა, ან პირიქით, გავემგზავროთ ჩრდილოეთ პოლუსზე. მქონდა ეს გამოცდილება, 40 გრადუს ყინვაში მოვხვდით, არსებობს გარკვეული წესები და სტანდარტები, რომლებიც ბორტგამყოლებმა უნდა დავიცვათ, თუმცა ყოველთვის ამ წესებს ვერ მიყვები, რადგან შეხება გვაქვს განსხვავებული კულტურის, ეთნოსის ადამიანებთან და ყველა მგზავრს მაინც სჭირდება თავისი მიდგომა”.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო საავიაციო ტრენინგცენტრის ინსტრუქტორი ირინა ფომინი ამბობს, რომ ახლა ბორტგამცილებლის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია. მისი თქმით, ბორტგამცილებლის სამთვიან კურსს გადიან ამ საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები, ხანდახან კი თავად კომპანია უშვებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ირინა ფომინი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო საავიაციო ტრენინგცენტრის ინსტრუქტორი: “ვასწავლი 2018 წლიდან და მოთხოვნა იზრდება. პანდემიის დროს იყო ცოტათი შეჩერებული ავიაცია, მაგრამ ახლა თავიდან დავიწყეთ, ჯგუფები გვყავს და ვმუშაობთ. ტენდენციის მხრივ 70-30%-ზეა, რატომღაც ითვლება, რომ ეს ქალბატონების პროფესიაა უფრო, მაგრამ საკმაოდ წარმატებით ამთავრებენ მამაკაცებიც ამ კურსს და მუშაობენ სხვადასხვა ავიაკომპანიაში. აქ გავდივართ ისეთ საგნებს, როგორებიცაა ხანძრის ჩაქრობა ბორტზე, მგზავრების ევაკუაცია, პირველადი დახმარება. კურსის დასრულების შემდეგ ყველა ბორტგამყოლმა უნდა ჩააბაროს გამოცდა, ძირითადად აბარებენ, თუმცა არის შემთხვევები, მაგრამ იშვიათად, რომ ვერ ახერხებენ ამ გამოცდის ჩაბარებას”.
ნათია წაქაძის თქმით, თანამედროვე საავიაციო ინდუსტრიაში ეკიპაჟის წევრები ქალებიც არიან და მამაკაცებიც და მათი მოვალეობებიც თანაბრადაა განაწილებული. ამბობს, რომ ახალი თაობა დაინტერესებულია ავიაციით და ბევრი ახალგაზრდა საავიაციო უნივერსიტეტში ეუფლება როგორც ბორტგამცილებლის, ისე მფრინავისა თუ ინჟინრის პროფესიას.