უკრაინაში ომის დაწყებიდან 150-ზე მეტი ნაღმი აღმოჩნდა შავ ზღვაში.
თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის მცურავი ნაღმებისგან გაწმენდას ითვალისწინებს. ზღვაში ნაღმების არსებობა პორტებს, საკომუნიკაციო ქსელებსა და წყლის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. უკრაინაში ომის დაწყებიდან 150-ზე მეტი ნაღმი აღმოჩნდა შავ ზღვაში.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა თქვა, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ნაღმსაწინააღმდეგო ზომების დადგენის მიმართულებით იმუშავებს.
იასარ გიულერი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი: „ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის, რათა უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ შავ ზღვაში ნაღმების საშიშროების წინააღმდეგ, მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით“.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია შავ ზღვაში არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური შედეგების მქონე პრობლემაა.
I proudly signed, alongside my allied counterparts from 🇹🇷&🇧🇬, the launch of MCM Black Sea to counter the threat of naval mines. #NATO Littoral Partners, along with NATO’s SNMG & non-littoral Allies, could also contribute. Together, we’re ensuring a safer Black Sea! pic.twitter.com/CvEqUNe4vb
— Angel Tîlvăr (@AngelTilvar) January 11, 2024
დიანა სობარუ, ევრონიუსი: “უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში 6 საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. მისია ძალიან მძიმე და საშიში იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებმაც ნაღმების განადგურებაში მონაწილეობა მიიღეს”.
შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც გასულ კვირას ანკარამ უარი თქვა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გემის შავ ზღვაში შესვლაზე.
ომის დაწყებისას, 2022 წლის თებერვალში, თურქეთმა აამოქმედა 1936 წლის მონტრეს კონვენცია, რათა დაბლოკოს რუსული ან უკრაინული გემების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ნაღმების ღია ზღვაში გაბნევაში ადანაშაულებენ. თურქეთი თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მონტრეს კონვენციის ამოქმედება მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
საზღვაო ნაღმები საფრთხეს უქმნის უკრაინის საექსპორტო მარშრუტებს. ნაღმებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე გემი შეეჯახა. ინიციატივა მიზნად ისახავს საექსპორტო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.