მთავარიაზიაღაზაჰააგის სასამართლომ დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმის განხილვა

ჰააგის სასამართლომ დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმის განხილვა

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა დაიწყო.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. მისი თქმით, ძალადობა და ნგრევა პალესტინაში 7 ოქტომბერს არ დაწყებულა და რომ ისინი ძალადობას ბოლო 76 წელია განიცდიან. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ადვოკატ ადილა ჰასიმს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომის დროს ისრაელი გენოციდს ჩადის. ადვოკატის განცხადებით, პალესტინელებს კლავენ სხვადასხვა შეიარაღებით, ისინი ასევე არიან სიკვდილის რისკის ქვეშ შიმშილისა და დაავადებების გამო. დაბომბვის გამო კი ფერხდება ჰუმანიტარული დახმარების განაწილება, რაც ღაზაში ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. ისრაელი კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბრალდებებს დამახინჯებულს უწოდებს. ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ტალ ბეკერმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო მოქმედებები არის თავდაცვითი ქმედება „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

პალესტინელები ცდილობენ განერიდონ ადგილს, რომელიც ისრაელმა დაბომბა. რაფაჰი, ღაზის სექტორი Copyright AP Photo/Fatima Shbair

„ყოველდღიურად ათზე მეტ პალესტინელ ბავშვს ერთი ან ორივე ფეხის ამპუტაცია უტარდება. მათ უმეტესობას ანესთეზიის გარეშე. ყოველდღიურად ღაზაში საშუალოდ 3900 სახლი ზიანდება ან სრულად ნადგურდება. თანდათანობით უფრო მეტი მასობრივი საფლავი გაითხრება, მეტი სასაფლაო დაიბომბება და განადგურდება ცხედრები“, – განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

ისრაელმა სამხრეთ აფრიკა ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. „რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის სამხრეთ აფრიკა, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციას. ამის გამო მათ უნდა რცხვენოდეთ. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი იყენებს თავდაცვის უფლებას. “ჰამასს” ჯერ კიდევ 136 ისრაელელი მძევალი ჰყავს“, – ამბობს ისრაელის საგარეო უწყების მრჩეველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend