ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად დაღუპულია 23 ათასზე მეტი პალესტინელი და 1500-ამდე ისრაელელი. პალესტინურ მხარეს დაჭრილი და დაშავებულია 60 ათასამდე ადამიანი, ისრაელში კი 10 ათასამდე ადამიანი, 100-ზე მეტი ისრაელელი ჯერ კიდევ რჩება “ჰამასის” ტყვეობაში და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, “ჰამასის” ერთერთი მეთაური თავდაცვის მიზნით სწორედ ისრაელელი მძევლებით არის გარშემორტყმული. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ომი გასტანს მანამ, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება, ვაშინგტონი კი მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს.
ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ალიანსზე საუბრისას რამდენიმე ისტორიული პარალელის გავლება არის შესაძლებელი, ყველაზე მკაფიო მაგალითი გერმანიის იმპერიისა და ავსტრია-უნგრეთის ალიანსია, საერთაშორისო ურთიერთობების რიგი ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ბერლინის მიერ ვენისადმი უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერამ მიიყვანა 1914 წელს ევროპა მსოფლიო ომამდე.
საინტერესოა ვნახოთ, თუ რას გვეუბნება სტატისტიკა ვაშინგტონისა და იერუსალიმის ორმხრივ ურთიერთობებზე,
ისრაელი გახლავთ მსოფლიოში ვაშინგტონის მიერ ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების მიმღები, 1948 წლიდან დღემდე ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატებისგან 300 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვს მიღებული.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელთან კავშირს, დასტურად ამისა 1999 წელს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც მომავალი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ვაშინგტონი ისრაელს 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევდა, 2009 წელს ეს თანხა 3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, 2019 წელს კი 4 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე.
ვაშინგტონი ისრაელს არაპირდაპირი გზითაც უჭერს მხარს, მაგალითად, ამერიკული ბანკები 1972 წლიდან ისრაელს გრანტებსა და სესხებს განსაკუთრებულ პირობებში აძლევენ, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიცაა ამავე დროს.
7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის ფონზეც ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერა ისრაელისადმი ნათელია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ისრაელს დაიცავს მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები არსებობს. ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის სანაპიროებთან მალევე გამოჩნდა ზესახელმწიფოს უპირველესი ატრიბუტიც, ორი სამხედრო ავიამზიდი.
ამ უპირობო მხარდაჭერის ფონზე ვაშინგტონი მაინც ცდილობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი არ გაფართოვდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკვე 4 ტურნე ჩაატარა ახლო აღმოსავლეთში, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ არაბული სახელმწიფოების დამშვიდებას და ამავე დროს ვაშინგტონი არ უჭერს მხარს ღაზის სექტორიდან პალესტინელების განდევნას და მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინური სახელმწიფოს სრულფასოვან ჩამოყალიბებას.