მთავარისაქართველოტაისონა და დანტე

ტაისონა და დანტე

ბრაკონიერობის პრობლემა საქართველოში

ტაისონა და დანტე მურა დათვები არიან. ბრაკონიერებმა მათი მშობლები დახოცეს, ისინი კი დაატყვევეს და ტყიდან წამოიყვანეს. რა ელის ზოოპარკის ბინადარ ტაისონასა და დანტეს. მოხერხდება თუ არა დათვის ბელების ველურ ბუნებაში დაბრუნება და რა ზიანს აყენებს ბრაკონიერობა საქართველოს ველურ ბუნებას? ეს ამბავი სწორედ ამაზეა.

ტაისონა თბილისის ზოოპარკში დანტესთან ერთად ცხოვრობს. მურა დათვებს ზრდასრულ ასაკამდე ჯერ არ მიუღწევიათ. როცა ზოოპარკში მიიყვანეს, ბევრად უფრო პატარები იყვნენ. ტყეში ბრაკონიერებმა დაიჭირეს და ორივეს უკვე გამოვლილი ჰქონდა ტყვეობა. ზოოპარკის ეს გარემო მათთვის თავშესაფარია.

ზურა გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ყველა დათვი, რომელიც თბილისის ზოოპარკშია, ჩამორთმეულია.

დანტეს ცალი ყური დაზიანებული აქვს, ეს მაშინ მოხდა, როცა ბრაკონიერმა მონადირემ დედა დათვი მოკლა, დათვის პატარა ბელი კი ბუნებრივ საცხოვრისს მოწყვიტა.

ბეჟან ლორთქიფანიძე, „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ბრაკონიერების შესაჩერებლად.

„ხშირად არის ზამთარში ბუნაგზე ნადირობენ და ამ დროს არ იციან, ძუ დათვი თავის ბელებთან არის თუ ცალკე ხვადი დათვია. ისინი განურჩევად ამისა ნადირობენ, ხშირად არის ხოლმე, რომ ბელებიც აღმოჩნდება ადამიანის ხელში და ცდილობენ, ხან გაყიდონ, ხან კიდევ საჩუქარია ხოლმე ვიღაცისთვის და მერე ეს ბელები ან თავშესაფარში აღმოჩნდებიან ხოლმე, ან კერძო გალიებში და საკმაოდ რთულ პირობებში იზრდებიან და აქ უკვე ჰუმანურობის საკითხს ვეხებით. კანონაღსრულება ძალიან დაბალია. ვნახეთ მედიაში ჯგუფი დააკავეს ბრაკონიერების, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით თუ რა ხდება დათვზე და სხვა ძუძუმწოვრებზე ნადირობასთან დაკავშირებით“, – ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე.

თეორიულად ტაისონასა და დანტეს ველურ ბუნებაში დაბრუნება შეუძლიათ, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტი საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. მიზეზი საჭირო რესურსების სიმცირეა.

ზურა გურიელიძე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

„რამდენიმე დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მათ შორის გახლავთ ქცევის გაღარიბება და მიჩვევა, ეს ორი პრობლემა არის, რომლის შედეგადაც, აი, ნახეთ ტაისონა ზის და თათს იწოვს, ეს არის სტერეოტიპული ქცევა, რომელიც შეძენილი არის ტყვეობაში, ბუნებაში მათ ასეთი ქცევა არ ახასიათებთ. ამას სტერეოტიპული ქცევა ჰქვია, ეს არის ნევროზის ერთ-ერთი ფორმა და ასეთი ცხოველი, რომელსაც ეს თვისებები ახასიათებს, მათი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოიხსნება. პრობლემის მოხსნა ძალიან ძნელია, ასე რომ ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ შესაძლებელი. ამას სჭირდება შესაბამისი პირობები. შესაბამისი ფინანსები, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა და ძალიან ბევრი რამე, რისი ნაკლებობაც გვაქვს, სამწუხაროდ“.

მურა დათვი საქართვეოლში ბინადრობს და ახლა ეს სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც მცირე ფრაგმენტირებული პოპულაცია. რა არის ბრაკონიერობა და რა ზიანს აყენებს ეს ხალხი საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბრაკონიერობა არის ნებისმიერი კანონდარღვევა, რომელიც მიმართულია ცხოველის მოპოვებასთან.

„მოპოვება იქნება, მოკვლა იქნება, დაჭერა იქნება, ეს არ ცვლის სიტუაციას. ეს ყველა შემთხვევაში არის ბრაკონიერობა და არის არალეგალური ნადირობა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საფრთხე, რაც აქვს ცხოველთა სამყაროს და შესაბამისად, ეს არის სახეობების გადაშენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“,- განმარტავს ზურა გურიელიძე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ დატყვევებული დათვების რაოდენობა ბოლო ხანს, შედარებით შემცირებულია, თუმცა საქართველოში ბრაკონიერობა კვლავ გამოწვევად რჩება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016-2023 წლებში დათვებზე ნადირობის, დატყვევებისა და ცხოველებით ვაჭრობის 20 ფაქტი გამოვლინდა.

მაია ჩხობაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სუფროსი ამბობს, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„ჩვენ გვახსოვს ალბათ დატყვევების შემთხვევები და ეს შემთხვევები აღარ არის, რადგან მასზე სისტემატურად ხდებოდა კონტროლი, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ხდებოდა ჩამორთმევა, დაჯარიმება და შემდგომში განთავსება შესაბამის თავსესაფარში. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ბრაკონიერობის ფაქტები, რაშიც საჭროა მეტი კომპლექსური მიდგომა და უფრო მეტი საზოგადოებრივი ჩართულობა და მაღალი თვითშეგნება, რომ ის მურა დათვი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის“,- ამბობს მაია ჩხობაძე.

ტაისონა და დანტე ზანტად მიმოდიან თავიანთთვის შემოღობილ სივრცეში. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ კვლავ შეძლონ ბუნებრივ გარემოში დაბრუნება. საქართველოს ტყეებში კი მურა დათვები და მათი პატარა ბელები კვლავ საფრთხის ქვეშ არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend