მთავარიევროპაუკრაინამკაცრი ზამთარი უკრაინისთვის

მკაცრი ზამთარი უკრაინისთვის

მოსკოვის გაძლიერებული აგრესია უკრაინაში

რუსეთმა 2024 წელი უკრაინის ფრონტებზე განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო. ახლა საბრძოლო მოქმედებები შეიცვალა. კრემლი სახმელეთო შეტევასთან ერთად ინტენსიურად მიმართავს სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ამით მოსკოვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვას ცდილობს.

დეკემბრის ბოლოსა და იანვრის პირველ დღეებში კრემლი მასშტაბურად ბომბავდა უკრაინის ტერიტორიას. უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინასაც ჰქონდა წარმატებული, წერტილოვანი იერიშები რუსეთის სახმელეთო თუ საზღვაო სამხედრო ობიექტებზე. მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიის პორტში, უკრაინულმა არმიამ ზუსტი სარაკეტო იერიშის შედეგად მორიგი რუსული სამხედრო ხომალდი გაუშვა შავი ზღვის ფსკერისკენ, კრემლის აგრესია კიდევ უფრო ცხადი გახდა. ექსპერტების მოსაზრებებსა და სხვადასხვა ანალიტიკურ გამოცემას თუ დავეყრდნობით, ახლა რუსეთი ცდილობს სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის არც სამხრეთ და არც აღმოსავლეთ ფლანგზე ვითარება არ შეცვლილა. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, რუსულ საოკუპაციო არმიას გარკვეული წინსვლა ჰქონდა რობოტინოს ფლანგზე. რაც შეეხება დონეცკის ფლანგს, აქ რუსულმა არმიამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დონეცკის სამხრეთით დაიკავა თითქმის მიწასთან გასწორებული დასახლება მარინკა. ახლა ბრძოლები გრძელდება მარინკას აღმოსავლეთ მიმართულებაზე, სადაც როგორც რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, კიევს კომპლექსური თავდაცვის ზღუდეები აქვს მოწყობილი. რუსული იერიშის მთავარი სამიზნე კვლავ ავდიივკაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სამი მხრიდანაა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოქცეული, თუმცა მისი დაკავება რუსეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.

ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, სერებრიანკის ტყეში, ასევე ბახმუტთან, აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. რამდენიმე უკრაინულმა და უცხოურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხარკივის მიმართულებით ახალ შეტევას გეგმავს. ამ ამბავს გამოეხმაურა ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვიც და განაცხადა, რომ რუსეთის დაგეგმილი იერიშის შესახებ მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა სინეგუბოვი საკუთარ “ტელეგრამარხზე” წერდა, რომ მოვლენები შესაძლოა, ყოველ წამს შეიცვალოს. ფრონტის ხაზზე ვითარება დრამატულად რომ არაა შეცვლილი ამას “ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც” იტყობინება. მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიცვალა ხასიათი სამხედრო მოქმედებებმა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი უკრაინას უკვე ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტებითაც ბომბავს. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს საშუალო მოქმედების რაკეტების მოძიებას ირანში. ირანული რაკეტების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა ცხადია, რომ თეირანის უპილოტო საფრენ აპარატებს კრემლი აქტიურად იყენებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ახალი მოდიფიკაციის ირანული „შაჰიდი“ ჩამოაგდო. წინა მოდელისგან განსხვავებით, მას აქვს რეაქტიული ძრავა, რომელიც ზრდის დრონის ეფექტიანობას. თუმცა აქ მნიშვნელოვანი მაინც სხვა საკითხია. სხვადასხვა ანალიტიკურ წყაროზე დაყრდნობით, ირანული დრონის „შაჰიდ 136-ის“ ღირებულება დაახლოებით 20 000 დოლარია. მისი მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრია. ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებისას უკრაინა იყენებს ისეთ შეიარაღებას, როგორიცაა „ნასამსი“ ან „ეს-300“. ამ რაკეტების ფასი ბევრად აღემატება „შაჰიდების“ ღირებულებას. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რუსეთმა ირანში 2000-ზე მეტი „შაჰიდი“ შეიძინა. როდესაც რუსული სადესანტო ხომალდი ჩაძირა უკრაინამ ფეოდოსიის პორტში, უკრაინულ მედიაში საუბრობდნენ, რომ რუსული ხომალდი დატვირთული იყო სწორედ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით. მიზანი ის იყო, რომ იაფფასიანი სამხედრო შეიარაღებით უკრაინის ძალების გამოფიტვა სურდათ. ამას ისიც ემატება, რომ რუსეთი ახლა გაწვევის ახალ სისტემაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, კრემლი ცდილობს ჯარში გაიწვიოს მოსახლეობის ის კატეგორია, რომლის ბრძოლის ველზე გაქრობა დიდ სოციალურ ძვრებს არ გამოიწვევს, ესენი არიან პატიმრები და ასე შემდეგ. ომის მონაწილე მხარეებისთვის ერთი რამ ცხადია – რომლის რესურსიც დიდხანს გაძლებს, ის მოიგებს ომს. ახლა დასავლეთის დახმარებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. დასავლურ შეიარაღებას კი უკრაინელები საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ. რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინამ ერთ-ერთი საველე შტაბი დაბომბა. მსოფლიო რუსეთისგან ელოდება იმის დასტურს, რომ იერიშის დროს არ დაღუპულა შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური გერასიმოვი. უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ახლა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად სჭირდება ფინანსური დახმარება და შეიარაღება. ფრონტის ხაზზე უკრაინულ არმიაში საარტილერიო საშუალებების დეფიციტია. რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ ქვეყანას 155 კალიბრის საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა გამოცხადებული. ზამთარი სახმელეთო შეტევებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, თუმცა სარაკეტო იერიშების დროს ყინვა მოსახლეობისთვის დამატებითი პრობლემაა. როგორც ცნობილია, რუსეთის სამიზნე ენერგოობიექტებიც არის. როგორ შეიცვლება ფრონტის ხაზზე ვითარება, ამინდის გაუმჯობესებისას უფრო გამოჩნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend