2024 წლის სტატისტიკა უკვე ფემიციდის ორ შემთხვევას ითვლის.
3 იანვარს ბათუმში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მსგავსი შემთხვევა თბილისშიც განმეორდა. ექიმებმა ვერ შეძლეს 27 წლის ქალის გადარჩენა, რომელსაც ქმარმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
დანაშაულის გამოძიება დაიწყეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფემიციდი ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის უმძიმესი ფორმაა.
საქართველოს პროკურატურას ჯერ არ გამოუქვეყნებია 2023 წლის სტატისტიკა ფემიციდის შესახებ. თუმცა ცნობილია, რომ 2021 წელს ფემიციდს სულ მცირე 13 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2022 წელს კი 21-ის.
ფემიციდისა და მისი მცდელობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. პროკურატურის ანალიზის თანახმად, ქალებს ყველაზე ხშირად საკუთარი მეუღლეები კლავენ. რიგ შემთხვევებში ბრალდებულები საბაბად “ღირსების დაცვას” ასახელებენ, ზოგჯერ ქალის მხრიდან განქორწინების სურვილს და ა.შ.
მსხვერპლი ძირითადად ახალგაზრდა, 18-იდან 30 წლამდე, ქალები ხდებიან. ბრალდებულთა ასაკი კი 30-იდან 40 წლამდე მერყეობს.
ფემიციდი ხდება სახლში და სახლის გარეთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული თუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფემიციდის ცალკეული შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუმცა ქალთა მიმართ უმძიმესი დანაშაული გლობალური მოვლენაა.
ევროკავშირში გაერთიანების მასშტაბით ჩატარებული კვლევების რაოდენობა მცირეა. ბოლო კვლევა, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გენდერული ნიშნით ძალადობის მაჩვენებელი შეისწავლა, 2018 წლით თარიღდება. თუმცა 20 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით “მონაცემთა ჟურნალისტიკის ევროპულმა ქსელმა” 2019 წლიდან ფემიციდის მნიშვნელოვანი ზრდა აღრიცხა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: საბერძნეთში, სლოვენიაში, გერმანიასა და იტალიაში.
ფემიციდის მხრივ მზარდი ტენდენციაა საქართველოშიც. უფლებადამცველების აზრით, სახელმწიფო ქალების დასაცავად საკმარისს არ აკეთებს.
გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა ევროკომისიის მიერ წარდგენილი პრიორიტეტებიდან იმ 3-იდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ სრულად შეასრულა. თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება. ექსპერტების აზრით, ფემიციდის მდუმარე ეპიდემიის დასამარცხებლად, მეტი მუშაობაა საჭირო ცნობიერების ამაღლებისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირების კუთხით.
ამჟამად, ევროკომისია განიხილავს დირექტივას, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით სავალდებულოს გახდის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებას, რადგან ამ ტიპის დანაშაული კვლავ ხშირად აღრიცხვის მიღმა რჩება.