ქართულ პოლიტიკაში გრძელდება დისკუსია პარტიის “საქართველოსთვის” მიერ 8 იანვარს გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად კონსტიტუციაში პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის ცვლილება უნდა განხორციელდეს.
ამ ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტია ცალსახად არ ეთანხმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობაა და პრეზიდენტის ე.წ. ხმოსნებით არჩევის წესი სრულიად ნორმალური და დემოკრატიულია.
„კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ გვინდა, ქვეყანაში მმართველობის ის სისტემა გვქონდეს, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამ სისტემაში გონივრულია პრეზიდენტის არჩევის ის მოდელი, რაც დღეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. სხვათა შორის, თავის დროზე იგივე პოზიცია ჰქონდა გიორგი გახარიას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გაუგებარია, რატომ შეიცვალა მისი პოზიცია. კონსტიტუციურ წესრიგზე როცა არის საუბარი, არ შეიძლება, კონსტიტუცია რაღაც პოლიტიკურ პროცესს მიუსადაგო. მგონია, რომ ეს არასწორი ინიციატივაა და ალბათ გათვლილია ემოციურ განწყობებზე. დღეს მოქმედი წესი არაერთ ევროპულ სახელმწიფოში არის მიღებული“, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ეს წესი უნდა შეიცვალოს, არამედ ოპოზიციამ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის უფლებების გაზრდაც უნდა მოითხოვოს, რადგან მათი განცხადებით, სულ ერთია უუფლებო პრეზიდენტი ხალხის არჩევანით დაიკავებს პოსტს თუ მმართველი პარტიის მიერ შერჩეული ე.წ. ხმოსნებით.
ალეკო გვეტაძე