„ვარშავის ევრომაიდნის“ ორგანიზაციამ დემონსტრაცია გამართა და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას მიაწოდოს საჭირო შეიარაღება.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რუსეთის აგრესიის შეწყვეტას. ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ღონისძიებებში.
აქციის ორგანიზატორი ნატალია პანჩენკო ამბობს, რომ უკრაინის თითქმის მთელი ტერიტორია გამუდმებით იბომბება. მსხვერპლი დიდია, ასევე ბევრია დაზარალებული. ეს ადამიანები ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მისი თქმით, ევროპას ჯერ ისევ სძინავს. დემონსტრანტები კი ევროკავშირის ინსტიტუტებთან იმისთვის მივიდნენ, რომ ევროპა გააღვიძონ.
ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც. მისი თქმით, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს გერმანიის მხარდაჭერა, ეს არ იქნება საკმარისი გრძელვადიან პერიოდში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
უკრაინელი ჯარისკაცები კი აგრძელებენ ბრძოლას. რესურსი მწირი აქვთ, თუმცა მონდომება აქ არავის აკლია.
ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილის ვიტალი ჩერჰავის თქმით, თუ ისინი არ დაიცავენ სამშობლოს, ამას არავინ გააკეთებს. მათ მაგივრად აქ არავინ იბრძოლებს. უკრაინელებს მიაჩნიათ, რომ ბრძოლა მათი ვალია. მათ თავიანთ მიწაზე თავისუფლად და დემოკრატიულად სურთ ცხოვრება.
ბრძოლები კი გრძელდება. ტანკებს ფრონტის ხაზზე დიდი მნიშვნელობა აქვს, სამხედროებმა კი უნდა ისწავლონ შესაბამისი ტექნიკისა და ტაქტიკის გამოყენება.