მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში კორიდა ბრუნდება

მექსიკაში კორიდა ბრუნდება

მექსიკელი მატადორები კორიდისთვის ემზადებიან. ტრადიცია, რომელიც მექსიკაში უკვე 500 წელზე მეტია არსებობს, ისევ გრძელდება. ადგილი უცვლელია – ეს პლაზა მეხიკოს მოედანია.

ტრადიციულ წარმოდგენას ცხოველთა დამცველები მუდმივად აკრიტიკებდნენ. ის 2022 წლის ივნისში სამართლებრივადაც აიკრძალა. თუმცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აკრძალვა, შესაბამისად, კორიდა მექსიკის დედაქალაქში ბრუნდება.

გასულ თვეში გამოტანილი სასამართლოს განჩინება, რომელიც კორიდის აღდგენას ითვალისწინებდა, მატადორებისთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო.

,,ყველა მატადორი ოცნებობს, რომ ამ ადგილას წარმატებას მიაღწიოს და დიდება დაიმსახუროს. მე და ჩემი გუნდი ყოველდღიურად ვმუშაობთ წარმატების მისაღწევად”, – ამბობს მატადორი არბოლედა გომესი.

„კორიდასთან 7 წლის ასაკიდან მაქვს შეხება და მინდა, გითხრათ, რომ უამრავი ისტორიული ჩანაწერიც მაქვს კორიდის შესახებ. აქ ადამიანები თავისუფლებას გრძნობენ, ეს ჩვენი უძველესი ტრადიციაა’’, – ამბობს დანიელ სალინასი, ისტორიკოსი.

კორიდის დაწყების ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა, თუმცა ამ ფაქტმა ცხოველთა დამცველების შეშფოთება ისევ გამოიწვია.

სასამართლოში შეტანილი სარჩელით ისინი ამტკიცებდნენ, რომ კორიდა არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა მეხიკოში და მოსახლეობას ცხოველების მიმართ ძალადობისკენ უბიძგებდა.

,,ცხოველების ხოცვა ამ სპექტაკლისთვის, რომელიც რეალურად მხოლოდ სანახაობა, მუსიკა და გართობაა, სრულიად უღირსი ტრადიციაა. ეს არის ცხოველების ტანჯვა’’, -აცხადებს ხორხე გავინიო, მეხიკოს კონგრესმენი.

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, გლობალურად, 180 000 ხარი იღუპება კორიდის დროს და კიდევ უფრო მეტი ზიანდება ხარებთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს.

ამავდროულად, კორიდა 80,000 მუდმივ  და 146,000 დროებით სამუშაო ადგილს ქმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მთლიანობაში ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით 400 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მეხიკოს კორიდის მთავარი მოედანი ,,Plaza Mexico’’ მექსიკური ხარების ბრძოლის საკათედრო ტაძრად ითვლება. ის საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს კორიდის სამ მთავარ მოედანს შორის, მადრიდის ,,Las Ventas”-სთან და ,,La Maestranza”-სთან ერთად, რომელიც  ესპანეთის ქალაქ სევილიაში მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend