რუსული ინტერვენციისას უკრაინული სახელმწიფოს წარმატებულ წინააღმდეგობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.
უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ უკრაინელი ჯარისკაცების, ოფიცრების, ექიმებისა და რიგითი, პატრიოტი უკრაინელების თავდადება და მზადყოფნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას მათ სიცოცხლე შესწირონ.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გეგმების ჩავარდნაში დიდი წვლილი მიუძღვის დემოკრატიული დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასაც.
ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს მონაცემები გავრცელებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მკვლევართა მიერ და მოიცავს 2023 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდს.
39 ერთეული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა, ასევე 12 ერთეულ NASAMS-ის სახის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც სამხედრო დრონების ასევე სამხედრო შვეულმფრენების წინააღმდეგ. ვაშინგტონმა უკრაინას გადასცა 76 ტანკი, მათ შორის ამერიკული წარმოების აბრამსები და ასევე საბჭოთა წარმოების ტ72 სახის ტანკები და ბრედლის ტიპის თითქმის ქვეითთა 200 საბრძოლო მანქანა, ასევე თითქმის 500 striker-ისა და M113 ტიპის ჯავშანმანქანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა ასევე ჯაველინისა და სტინგერის 12 000-ზე მეტი რაკეტა, 72 საარტილერიო სხვადასხვა სახის სისტემა და 250-ამდე ნაღმტყორცნი.
ვაშინგტონთან შედარებით მცირე მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უკრაინას დანარჩენი დასავლეთიც. სტატისტიკა შემუშავებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შლეზვიგ ჰოლშტაინში მდებარე კილის “მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის” მკვლევართა მიერ და მოიცავს 2022 წლის 24 იანვრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდს. ჩამონათვალში არ არის უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარების გამწევი ყველა სახელმწიფო, წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყნების სიას.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაღებული 17 მილიარდ ევროზე მეტი თანხით უკრაინამ მიიღო გერმანული წარმოების 60-ზე მეტი ტანკი, 130-ზე მეტი ჯავშანმაქანა, 500-ზე მეტი სტინგერის რაკეტა, 23 ათას ერთეულზე მეტი ანტისატანკო შეიარაღება, მათ შორის 900 პანცერფაუსტი, დიდი რაოდენობით რადარები და “მერსედესის” მიერ წარმოებული სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ.
ნიდერლანდების სამეფო წელს უკრაინას მიაწვდის 42 ერთეულ F16 სახის სამხედრო საჰაერო ხომალდს. ამსტერდამმა კიევს 2 მილიარდი ევროს ფარგლებში უკვე მიაწოდა 100-ამდე გერმანული და საბჭოთა დიზაინის ტანკი და დიდი რაოდენობით სამხედრო ლოგისტიკური საქონელი.
ნატოსა და ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებიდან სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერმა ქვეყანამ პოლონეთმა კი 3 მილიარდი ევროს ფარგლებში უკრაინას 300-ზე მეტი ტანკი, 300-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 100-ამდე საარტილერიო ერთეული და დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი გადასცა.
ჩვენ მიერ განხილული სამხედრო დახმარების ფონზე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ დემოკრატიული დასავლეთი უკრაინას მთელი ამ დროის განმავლობაში უწევს პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებასაც.
ბევრი ევროპული სახელმწიფო კი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დროებით თავშესაფრად იქცა.
ყველა სახის რესურსი მილევადია და შიდა პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვეღარ ახერხებს უკრაინისთვის აქამდე არსებული მასშტაბით დახმარების გაწევას. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი კი გრძელდება.